ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ჯიხურებისთვის ახალი რეგულაციები დააწესა949 2016.10.19
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ჯიხურებისთვის ახალი რეგულაციები დააწესა
"ბოლო პერიოდში, ზოგიერთი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსების მაჩვენებლებით მანიპულირების გზით მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები. ასეთი ფაქტების აღკვეთისა და მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში" მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, განისაზღვრა საყურადღებო კურსის ცნება და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვალდებულება მომხმარებლისათვის კურსისა და საკომისიოს თაობაზე ინფორმაციის მიწოდება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმით. ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი - ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს აღემატება. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება, ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი ანალოგიური შრიფტის ზომით. აღნიშნული წესის მიხედვით, ვალუტის ყიდვისა და ვალუტის გაყიდვის კურსების ამსახველი დაფა უნდა გაფორმდეს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მოთხოვნებისა და თანმიმდევრობის დაცვით. წესში დაზუსტდა ქვითრის გაფორმების საკითხები. ამიერიდან, პუნქტი ვალდებული იქნება მომხმარებელს ხელი მოაწერინოს ვალუტის გადაცვლის ოპერაციის ქვითარზე, რაც მომხმარებელს დამატებით საშუალებას მისცემს კიდევ ერთხელ გაეცნოს მის მიერ განხორციელებული გადაცვლის ოპერაციის პირობებს." –ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.