ვისთვის არის სავალდებულო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება?!1912 2016.10.21
ვისთვის არის სავალდებულო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირება?!
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2 სექტემბრიდან დღემდე 3133 საქმიანობა დარეგისტრირდა. მათ შორის 2 405 საქმიანობა საპარიკმახეროებსა და სილამაზის სალონების მომსახურებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრი ეკონომიკურ საქმიანობათა სავალდებულო და ნებაყოფლობითი სახის რეგისტრაციას ახორციელებს. ყველა ის პირი, რომლის საქმიანობაც საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან, ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან ან საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასა თუ შრომით მოწყობაში დახმარებასთანაა დაკავშირებული, ვალდებულია, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დარეგისტრირდეს. დანარჩენ შემთხვევაში კი რეგისტრაცია ნებაყოფლობითია. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის მომსახურების მიღება იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებშია შესაძლებელი. საჯარო რეესტრის ახალი ფუნქცია - ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი ბიზნესსუბიექტების შესახებ მაღალი ხარისხის, სარწმუნო მონაცემთა ბაზის ფორმირებას ითვალისწინებს, რომელშიც თავმოყრილი იქნება სრული ინფორმაცია ბიზნესსუბიექტების საქმიანობების შესახებ. სისტემურად აღრიცხული, მუდმივად განახლებადი საჯარო მონაცემთა ბაზა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობასთან და ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის სტატისტიკისა და კვლევების წარმოებას, საქართველოსა თუ ევროკავშირის მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური საქმიანობების შესახებ ინფრომაციის მარტივად მიწოდებას. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი საერთაშორისო სტანდარტით აღიარებულ ეროვნულ კლასიფიკატორს ეფუძნება, რაც მასში გაერთიანებულ მონაცემებს ხელმისაწვდომს არა მარტო ადგილობრივი, არამედ გლობალური მასშტაბითაც ხდის. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანია ნაბიჯია. წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო