752
2016.11.10
სტიქიით დაზარალებულთა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა ადმინისტრაციული სარჩელი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ. წყნეთის ქუჩის მაცხოვრებლებმა იმ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვეს, რომელთა საფუძველზეც უარი ეთქვათ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთებისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სანაცვლოდ კომპენსაციის მიღებაზე.
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ქ.თბილისის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილებით დამტკიცებული "ქ .თბილსის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის“ არასწორი განმარტების შედეგად, უსაფუძვლოდ შეიზღუდა მოსარჩელეთა უფლება სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის განკუთვნილი სახსრებით სარგებლობაზე. ამდენად, გაბათილდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები და მოპასუხეს კანონმდებლობის შესაბამისად მოსარჩელეების თანხით დაკმაყოფილებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება დაევალა.