857
2016.12.22
ევროკავშირის კომიტეტმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლისთვის რეგულაციის ცვლილება დაამტკიცა
20 დეკემბერს, გაიმართა ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების (COREPER) შეხვედრა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 539/2001 რეგულაციაში შესაბამისი ცვლილების საბოლოო ტექსტის დამტკიცება, რომელიც 13 დეკემბერს შეთანხმდა ევროკომისიას, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის და ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას.მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი დარჩენილი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოსაღებად.შემდგომი პროცედურის თანახმად, რეგულაციის ცვლილების საბოლოო ტექსტს კენჭს უყრის ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE).ამის შემდეგ, გაიმართება კენჭისყრა ევროპარლამენტის უახლოეს პლენარულ სესიაზე, რის შემდეგაც, განახლებულ რეგულაციას ფორმალურად დაამტკიცებს ევროკავშირის საბჭო მინისტრების დონეზე.ევროპარლამენტის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლის მიერ საკანონმდებლო ცვლილების ხელმოწერის შემდეგ რეგულაცია გამოქვეყნდება ოფიციალურ ჟურნალში.საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებული განახლებული რეგულაციის ძალაში შესვლასთან ერთად.იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს შეძლებენ ისარგებლონ ევროკავშირის/ შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის რეჟიმით (90 დღე 180 დღის განმავლობაში).