„მეტრო ჯორჯიას“ დისკრიმინაციული პრაქტიკა982 2016.12.27
„მეტრო ჯორჯიას“ დისკრიმინაციული პრაქტიკა
2016 წლის 2 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო სს „მეტრო ჯორჯიას“ მიერ ავტოსანტრანსპორტო საშუალებაში ბილეთებისა და ადგილების სქესის მიხედვით განაწილების მხრივ არსებული საკითხის შესწავლა, ვინაიდან მიიჩნია რომ აღნიშნული პრაქტიკა შესაძლოა ქალების და მამაკაცების ერთმანეთისგან სეგრეგაციის წამახალისებელი იყოს. რეგულაციის თანახმად, მგზავრს უფლება აქვს მხოლოდ თავისივე სქესის ადამიანის გვერდით შეიძინოს სამგზავრო ბილეთი. კომპანიის განმარტებით, ბილეთების მსგავსი წესით გადანაწილება თავად მომხმარებლის მოთხოვნაა, ვინაიდან სურთ, რომ ღამის საათებში თავისივე სქესის წარმომადგენლის გვერდით იმგზავრონ. დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით, სახალხო დამცველმა სს „მეტრო-ჯორჯიას“ შესთავაზა, რომ კომპანიის ვებ-გვერდზე დაემატოს პარამეტრი, რომელიც ბილეთის შეძენის პროცესში მგზავრს მისცემს საშუალებას ელექტრონულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, თანახმაა თუ არა მის გვერდით არსებული სამგზავრო ბილეთი სხვა სქესის ადამიანმა შეიძინოს. აღსანიშნავია, რომ სს „მეტრო ჯორჯიამ“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ზემოაღნიშნული პროგრამული ცვლილება განხორციელდეს და კომპანიამ დაიწყო აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, რაც შესაძლოა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდეს. წყარო: ombudsman.ge