844
2016.12.27
შეკრების თავისუფლების შეზღუდვა
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე გიორგი გაბედავამ განაცხადა, რომ პოლიციამ ხელი შეუშალა დასადგმელი ქოლგით სარგებლობასა და კარვის გაშლაში. სახელმწიფოს აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია შეკრების თავისუფლებასთან.
გიორგი გაბედავას მიერ მოწოდებული ვიდეომასალით, რომელიცმან სოციალურ ქსელშიც ატვირთა, დასტურდება, რომ პოლიციის წარმომადგენლები დასადგმელი ქოლგის გამოსაყენებლად მერიის წერილობით თანხმობას სთხოვენ. ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იმ პერიოდში ცუდი ამინდი იყო. გაბედავას განმარტებით, მას ასევე არ მიეცა საშუალება პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე, ფართო ტროტუარზე კარავი გაეშალა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მოშიმშილე ნიკა ჩერქეზიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუმარტა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა შიმშილობის აქციის მიმდინარეობისას მთავრობის ადმინისტრაციის წინ დაედგა სკამი.
მსგავს შემთხვევებზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ზაფხულში იმსჯელა. 2016 წლის 31 აგვისტოს, სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი თბილისის მერიის მიერ ამავე დაწესებულების შენობის წინ, სკვერში, პარტიზანი მებაღეებისათვის კარვის განთავსებაზე უარის თქმა.
ზემოთ დასახელებული შემთხვევები, ვინაიდან არ იწვევს შენობის შესასვლელების, საავტომობილო გზის ბლოკირებასა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხებას, შეკრების თავისუფლებით არის დაცული. შესაბამისად, დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ხელშეშლა და ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა.
ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით ასევე განმარტავს, რომ აქციების დროებითობა არ გამორიცხავს საპროტესტო კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვას.
სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებმა უნდა უზრუნველყონ მათი ქვემდებარე პირების ინფორმირება აღნიშნული სტანდარტების შესახებ და გასცენ ადეკვატური ინსტრუქციები შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზებისათვის.
წყარო:ombudsman.ge