error2297 2018.01.25
ყველაზე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მქონე 10 ქვეყანა

  2011 წელს გაერო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა ყველასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რითაც მკაცრი ნარკოპოლიტიკა დაგმო და აღნიშნა, რომ მსოფლიო ნარკოტიკებთან ბრძოლაში დამარცხდა, რადგან არალიბერალურმა პოლიტიკამ ვერ გაამართლა.

 „აკრძალვამ არ შეამცირა არც მოთხოვნა და არც მიწოდება, მსოფლიომ ნარკოტიკებთან ომი წააგო“, - განაცხადა კოფი ანანმა.

 
 გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივნის სიტყვებმა მსოფლიო ლიდერებში აზრთა სხვაობა გამოიწვია, თუმცა მალევე, რამდენიმე ქვეყანამ, გაერო-სგან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე, ნარკოპოლიტიკა შეცვალა. კერძოდ კი  გენერალური მდივნის ამ განცხადებიდან ერთი წლის თავზე, ხორვატიაში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია, ურუგვაიში კი ლეგალიაზაცია მოხდა.

 

 მსოფლიოში ყველაზე ღარიბი პრეზიდენტის სახელით ცნობილმა ხოსე მუხიკამ, რომელიც სახელმწიფოს ლიდერად 2010 წელს აირჩიეს, ურუგვაის ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შეცვალა. სტატისტიკის მიხედვით, ლიბერალურმა მიდგომამ ნარკოდილერების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა, შესაბამისად იკლო გადაჭარბებული დოზის მიღებით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რიცხვმაც. აღსანიშნავია, რომ ურუგვაი ის ქვეყანაა, სადაც 12-წლიანი დიქტატურის პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის მკაცრი სასჯელი დღემდე კარგად ახსოვთ.

მსოფლიოს პირველი ქვეყანა, სადაც ნარკოდამოკიდებულთათვის სპეციალური თავშესაფრები გაიხსნა, შვეიცარიაა.

 

 

  1986 წლიდან დემოკრატიული სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე განვითარებულმა სახელმწიფომ ნარკოდანაშაულთან საბრძოლველად იმ ეპოქისთვის სრულიად ახალი სტრატეგია დასახა – ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომელმაც ზუსტად 20 წლის შემდეგ მოულოდნელი შედეგი გამოიღო.

სწორედ ამ ახალი პოლიტიკის შედეგად, სტატისტიკის მიხედვით, შვეიცარიაში ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა.

2013 წელს შვეიცარიამ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა, რუთ დრეიფუსმა განაცხადა, რომ „როგორც ჯანდაცვის, ასევე სამართლებრივ სფეროში ნარკომანიის მიმართ შეცვლილ პოლიტიკას შვეიცარიაში იმდენად დადებითი შედეგი ახლავს თან, რომ ეს მოდელი მთელი მსოფლიოსთვის სამაგალითო უნდა იყოს“.

ლიბერალურ ნარკოპოლიტიკასთან ევროპელების ცნობიერებაში მაინც ნიდერლანდების სამეფო და ამსტერდამის ხიდებიანი ქუჩები ასოცირდება.

ტოლერანტობის მექად ქცეულ ნიდერლანდებში მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების (როგორიცაა ჰაშიში, მარიხუანა, ტრანკვილიზატორები) შეძენა სრულწლოვნებისთვის კანონის ფარგლებშია შესაძლებელი, თუმცა მძიმე ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის სასჯელი 12-დან 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ მარიხუანის მოწევა ამსტერდამის მხოლოდ იმ ნაწილშია შესაძლებელი, სადაც გამაფრთხილებელი წითელი აბრა არ კიდია. აკრძალულ ადგილას მსუბუქი ნარკოტიკის საჯაროდ მიღება სულ მცირე 50 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

 

 

 2017 წლის მონაცემებით, მსუბუქ ნარკოტიკებს ნიდერლანდების მოსახლეობის 16% მოიხმარს, კოკაინს და სხვა მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებს – 3,1%.

ევროპის ქვეყნებს შორის ლიბერალური ნარკოპოლიტიკით გამოირჩევა პორტუგალიაც.

მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის შემდეგ, ჰეროინზე დამოკიდებულთა მაღალი მაჩვენებელი წარსულს ჩაბარდა.

 

 

პორტუგალიის მთავრობამ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია 2001 წელს მოახდინა, რამაც ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებაც გამოიწვია.

თუ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, გოთიკურ ნაგებობებს შორის სეირნობისას ტურისტი ან ადგილობრივი მცხოვრები მარიხუანას მოწევს, მას არავინ დაიჭერს. უფრო მეტიც, თუ კანონს არ დაარღვევს, მისით პოლიცია არც დაინტერესდება.

მსუბუქი ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობით ევროკავშირის ქვეყნებს შორის, საფრანგეთისა და ესპანეთის შემდეგ, ჩეხეთი მესამე ადგილზეა.

სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოხმარება ნებადართულია ამერიკის 23 შტატში, სადაც კანაბისისშეძენა აფთიაქშიც შესაძლებელია.

 

 

 

2016 წლის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში 22 მილიონი ადამიანი მარიხუანას მომხმარებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ 5 გრამზე მეტი LSD-ს ან კოკაინის ​შეძენა-შენახვა ფედერალური კანონით ისჯება და ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ნარკოვაჭრობისწინააღმდეგ ბრძოლაა.

ყველაზე ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მქონე ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება:

1. ნიდერლანდები

2. პორტუგალია

3. ურუგვაი

4. ჩეხეთი

5. შვეიცარია

6. აშშ

7. არგენტინა

8. მექსიკა

9. ეკვადორი

10. ხორვატია

 

 

წყარო:1tv.ge

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში