error2796 2019.09.11
ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც 1 სექტემბერიდან ამოქმედდა

2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან რამ­დე­ნი­მე რე­გუ­ლა­ცია და ცვლი­ლე­ბა შე­ვიდა ძა­ლა­ში. გაეცანით იმ მთა­ვარ სი­ახ­ლე­ებს, რაც დღე­ი­დან ამოქ­მედ­და ქვე­ყა­ნა­ში.

კომპანიებს შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავების ვალდებულება ეკისრებათ

საქართველოს ორგანული კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" 1-ლი სექტემბრიდან ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე, მათ შორის, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე.

საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და მე-7 მუხლების საფუძველზე 2019 წლის პირველი სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში ფუნქციონირებად კომპანიებს ეკისრებათ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება. უფრო კონკრეტულად:

დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით.

სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, სამსახურებრივი ავტომობილების გამოყენება დაიბეგრება. კანონი 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა ძალაში. კოდექსის მიხედვით, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა და იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, შემდეგი ოდენობით: (თანხის მოცულობა ავტომობილის ძრავის მოცულობაზე იქნება დამოკიდებული)

3500 სანტიმეტრ კუბზე მეტი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 300 ლარი;

2500 - 3500 სანტიმეტრ კუბის მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 200 ლარი;

2500 სანტიმეტრ კუბზე ნაკლები მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილი - თვეში 100 ლარი;

ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში, ნებისმიერი ძრავის მოცულობა - თვეში 60 ლარი.

ახალი წესი არ ეხება ელექტრომობილებს. როგორც კანონში წერია, დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ელექტრომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენება საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება.

დაქირავებულის მიერ პირადი სარგებლობისათვის გამოყენებული დამქირავებლის ავტომობილის აღრიცხვისა და საგადასახადო ორგანოსათვის ასეთი ავტომობილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება დამქირავებელს ეკისრება.

ამ ცვლილების მიღების მთავარი მიზეზი, როგორც ავტორები განმარტავენ, დამქირავებლის ავტომობილის მოხმარებით მიღებული სარგებელი ხელფასად მიიჩნევა, რის გამოც ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება.

თუ ავტომობილი იმპორტიდან ექსპორტზე 3 თვეში გავა, დილერი გადასახადებს უკან დაიბრუნებს

ავტომობილებისა და მოტოციკლის რეექსპორტისას დილერი აქციზის გადასახადს სრულად დაიბრუნებს. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, თანხის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეწარმე იმპორტირებულ საქონელს ექსპორტზე 90 დღის ვადაში გაიტანს.

„მსუბუქი ავტომობილის ან მოტოციკლის ( მოპედის ჩათვლით ) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება ექსპორტის პროცედურაში და დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, იმპორტიორი უფლებამოსილია დადგენილი წესის შესაბამისად დაიბრუნოს ამ სატრანსპორტო საშუალებაზე გადახდილი აქციზი 100 პროცენტის ოდენობით“, - აღნიშნულია საგადასახადო კოდექსში. ცვლილება ძალაში 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში