კლიენტის ინტერესების დაცვისას საადვოკატო საქმიანობის ქვაკუთხედს კლიენტისა და ადვოკატის ნდობა და მათი კომუნიკაციის კონფიდენციალობა წარმოადგენს. პროფესიული საიდუმლოების დაცვა ადვოკატის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება და ვალდებულებაა, რაც გარანტირებულია როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით.
ადვოკატი საჯარო ფუნქციის მატარებელი სუბიექტია, რომელსაც განსაკუთრებული როლი გააჩნია მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
ადვოკატი ემსახურება ისეთ უმნიშვნელოვანესს მიზანს, როგორიცაა მოქალაქეებისა თუ იურიდიული პირების უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანი დაცვა. სწორედ ამიტომ, ადვოკატი სარგებლობს სამართლებრივი დაცვის მაღალი სტანდარტებით. ამასთან, ადვოკატსა და კლიენტს შორის წარმოებული ნებისმიერი საუბრის მიყურადება, ჩაწერა უკანონო და დაუშვებელია და წარმოადგენს ადვოკატის საქმიანობაში ჩარევის უხეშ ფორმას, რაც დასჯადია სისხლის სამართლის წესით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ადვოკატის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და ექვემდებარება გაუმჟღავნებლობის აბსოლუტურ პრივილეგიას, გასული დროის მიუხედავად. აღნიშნული პრინციპი ვრცელდება როგორც უშუალოდ საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას მიღებულ ინფორმაციაზე, ასევე ადვოკატს/საადვოკატო ბიუროს პარტნიორსა და კლიენტს შორის ნებისმიერი სახის პროფესიულ კომუნიკაციაზე.
სამწუხაროდ, საჯარო განცხადებების გაკეთებისას არ ხდება იმის სწორად გააზრება, რომ პროფესიული საიდუმლოების დაცვის პრინციპის უგულვებელყოფამ და ამით გამოწვეული ნდობის ფაქტორის დაზიანებამ, თუ რაოდენ დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს ქვეყანაში ფიზიკური თუ იურიდიული პირების უფლებრივ მდგომარეობას, მართლმსაჯულების განხორციელებასა და კანონის უზენაესობას.
ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისას, თუ გარკვეული ქმედების განხორციელებისას, სწორად უნდა შეფასდეს პროფესიის არსი და ფუნდამენტური პრინციპები, რათა ზიანი არ მიადგეს უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში.
წყარო: GBA.GE
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში