error1629 2021.03.16
რატომ არის არასაკმარისი და არაეფექტური საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები - ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი

მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილის გამარტივებას და გადასახადების გადამხდელებზე უფრო მეტად მორგებას ისახავდა მიზნად.

თუმცა იურისტებისა და ფინანსისტების ნაწილი თვლის, რომ განხორციელებული ცვლილებები არასაკმარისი და არაეფექტურია და ცვლილება აუცილებლად უნდა შეხებოდა თანხას, საიდანაც პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი ხდება.

უფრო დეტალურად დღგ-ს, მისი დაწესებისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი განმარტავს.

წაიკითხეთ: bpn.ge - https://bit.ly/3lizrVW

რა ტიპის გადასახადია დღგ?

დამატებული ღირებულების გადასახადი ანუ დღგ არაპირდაპირი გადასახადის სახეობაა, რომელიც მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატს წარმოადგენს. განმარტების დროს ერთი საკითხი უნდა გაიმიჯნოს კარგად, რომ დღგ-ს იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). თუმცა ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს. სწორედ ეს უკანასკნელი იწოდება დღგ-ის გადამხდელად.

საქართველოს კანონმდებლობით როგორ რეგულირდება დამატებითი ღირებულების გადასახადის დაწესება?

ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში უწყვეტი 12 თვის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა თუ 100 000 ლარს აღემატება, პირი ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდეს. ამისთვის მან თავად უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღეში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღგ გადასახადის ათვლა იწყება იმ კონკრეტული ოპერაციის განხორციელებიდან, რომლითაც საერთო თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

უძრავი ქონების იჯარით გაცემა ან რეალიზაცია მიეკუთვნება თუ არა ეკონომიკურ საქმიანობას, რომელსაც დღგ ეხება?

ფიზიკური პირის მიერ 48 თვის განმავლობაში მის საკუთრებაში არსებული 4 საცხოვრებელი ბინის ან სახლის მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაცია ეკონომიკურ საქმიანობად არ ითვლება. ერთი საცხოვრებელი ბინის/სახლის რეალიზაციაც არ განიხილება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად და შესაბამისად, ფიზიკურ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია არ უწევს.

რაც შეეხება ქონების იჯარით ან ქირით გაცემას, ეს ფიზიკურ პირს დასაბეგრ ოპერაციად ეთვლება. შესაბამისად, თუ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, მან აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია და დღგ-ს გადამხდელად დაფიქსირდეს.

საქართველოში რამდენია დამატებული ღირებულების გადასახადი?

დღგ დასაბეგრი ბრუნვის ან საქონლის იმპორტის თანხის 18 პროცენტს წარმოადგენს.

მიმდინარე წელს რა ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო კანონმდებლობაში დღდ-ს კუთხით?

საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას დამატებული ღირებულების გადასახადის რეფორმა წარმოადგენს. რეფორმის მიზანი საგადასახადო კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეფორმის ფარგლებში შენაჩუნებულია ყველა ის საგასახადო შეღავათი, რასაც მოქმედი კანონმდელობა ითვალისწინებს, ასევე შემოღებულია ახალი მარეგულირებელი ნორმები. დღგ-ის რეფორმის შედეგებიდან გამოვყოფდი რამდენიმე პუნქტს, რომელიც ბიზნესსაქმიანობაზე დადებით ეფექტს მოახდენს. მათ შორისაა: საქონლის/მომსახურების უსასყიდლო მიწოდება, ლიზინგის ოპერაციის დაბეგვრა, საგადასახადო შეღავათები და სხვა.

ცვლილების გააქტიურებამდე უსასყიდლოდ განხორციელებული ოპერაციები დღგ-ით იბეგრება და დაბეგვრა ხორციელდება მიწოდებული საქონლის, გაწეული მომსახურების საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე. რეფორმის მიხედვით კი, საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება დაქირავებულის პირადი სარგებლობისთვის და საქონლის მიწოდება/გამოყენება საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით იბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი. ხოლო საქონლის გადაცემა/გამოყენება ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით, დღგ-ით არ იბეგრება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ უსასყიდლო მიწოდება დაიბეგრება მიწოდებული საქონლის „თვითღირებულებიდან“ და არა საბაზრო ფასიდან გამომდინარე.

უსასყიდლოდ მომსახურების გაწევა იმ შემთხვევაში დაიბეგრება, თუ მომსახურების გაწევა ხდება დაქირავებული პირის პირადი სარგებლობისთვის ან საკუთარი საქმიანობის მიზნისგან განსხვავებული მიზნით.

აღნიშნული ცვლილებები გარკვეულწილად გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესს, შემცირდება დღგ-ით დასაბეგრი ბაზა, ასევე საგადასახადო შემოწმების დროს საბაზრო ფასის არასწორად დათვლის გამო დაკისრებული სანქციები. ეს კი ბიზნესსუბიექტებს დაუზოგავს დროს და ხარჯებს, რაც დაკავშირებულია საბაზრო ფასის დადგენასა და შესაბამისი საგადასახადო დავების წარმოებასთან. შედეგად ბიზნესს შეუმსუბუქდება საგადასახადო ტვირთი და გაუჩნდება მეტი თავისუფალი დრო და თანხა.

არის თუ არა საკითხები, რომელსაც რეფორმა არ შეეხო და რომლის შეცვლაც აუცილებელი იყო კანონმდებლობის მაქსიმალური ეფექტურობისთვის?

დადებითი ასპექტების მიუხედავად გეტყვით, რომ რეფორმა ნაჩქარევად განხორციელებული და არაეფექტურია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაწესებული შეღავათებით საგადასახადო ვალდებულებები და საგასახადო წნეხი მსუბუქდება. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოუგვარებელი რჩება.

თანხის ოდენობის განსაზღვრა, როდესაც პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი ხდება 1990-იან წლებში მოხდა. იმ პერიოდში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 1.2 იყო და შესაბამისად საწყის თანხად 100 000-ის მითითება სრულიად ადექვატური და ობიექტური იყო. თუმცა დღეს, როდესაც კურსი 3.3 არის, გადასახადების დაწესების ათვლის წერტილად კვლავ 100 000 ლარის დატოვება ყოვლად მიუღებელია. პირველი ცვლილება, რომელიც კანონში უნდა შესულიყო, სწორედ ამ საკითხს უნდა შეხებოდა და აღნიშნული თანხა მინიმუმ 300 000 ლარამდე უნდა გაზრდილიყო. სწორედ ეს იქნებოდა რეალური რეფორმა, რომელიც პროდუქციისა თუ სერვისის მიმწოდებელს რეალური წნეხიდან გაათავისუფლებდა.

ცვლილებების მიღების დროს ამ საკითხზე არაერთი ობიექტური მოსაზრება გამოითქვა სპეციალისტების მიერ, თუმცა როგორც ჩანს, სახელმწიფოს ინტერესებში ეს საკითხი არ შედიოდა და შესაბამისად, ცვლილებაც არ განხორციელებულა. თუ დღგ-ს ეფექტური რეფორმა გვსურს, თანხა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ პროდუქციის რეალიზატორი და მომსახურების გამწევი ობიექტები რეალური შეღავათების მიღებას.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში