2553
2016.12.02
საადვოკატო ბიურო OK&CG–მ GIZ-ის სამართლის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა!
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება)1992 წლიდან საქართველოს ეხმარება სოციალური საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის შექმნის ტრანსფორმაციის პროცესში. 2009 წელს განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის შეთანხმებული თანამშრომლობის სამი სფეროს ფარგლებში GIZ ამჟამად ახორციელებს ექვს რეგიონალურ პროგრამას შემდეგი მიმართულებებით:
ეკონომიკის ხელშეწყობა,
სამართლისა და სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერა,
ადგილობრივი თავითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა,
ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა,
მთიანი რეგიონების ეროზიებისაგან ინტეგრირებული დაცვის ხელშეწყობა,
საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში
"მიუხედავად გარკვეული წინსვლისა, ტრანსფორმაციის პროცესები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სამართლისა და სასამართლოს სფეროებში ჯერ ისე არ არის განხორციელებული, რომ არსებობდეს სრული სამართლებრივი უსაფრთხოება. ამან კი შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეთა ნდობაზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. სამხრეთ კავკასიაში სამართლისა და სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერის* პროგრამის საშუალებით უნდა გაიმართოს ქვეყნებს შორის დიალოგი სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის საკითხებში და სამივე სახელმწიფოში უნდა გამყარდეს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მყოფი სამართლის სისტემა. GIZ თავის პარტნიორებს უწევს კონსულტაციას პროგრამის შემდეგ კომპონენტებში: დიალოგი სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის საკითხებში, კანონმდებლობა, კანონთა იმპლემენტაცია და პოპულარიზაცია." –GIZ georgia
საადვოკატო ბიურო OK&CG -ის ხელმძღვანელმა, იურისტმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების ხელშეწყობა საქართველოში“ მონაწილეობა მიიღო სადაცმოწვეულმა მომხსენებლებმა, სამართლის პროფესორებმა, ადვოკატებმა, ნოტარიუსებმა იმსჯელეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცალკეული ნორმების დახვეწის აუცილებლობაზე: ერთის მხრივ, არსებული ხარვეზების გამოსწორებისა და მეორეს მხრივ, საკანონმდებლო აქტის მოდერნიზაციის კუთხით, მათ შორის, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კონტექსტში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინიტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტებზე, მათ შორის, სასამართლო პრაქტიკის მნიშვნელობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.
კონფერენციის შედეგად შეგროვდა დამატებითი მასალა, წინადადებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების თაობაზე, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს რეფორმის კონცეფციის შემუშავებას.