1215
2017.07.07
ანა გორდეზიანი: ხშირად ლომბარდები კანონდარღვევით მოქმედებენ და მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ
ბოლო პერიოდში, ლომბარდით მოსარგებლე პირები ე.წ კრედიტოფიცრებისგან ან ლომბარდის წარმომადგენლებისგან ხშირად ზარალდებიან. ადვოკატები ყურადღებას ამახვილებენ იმ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს ლომბარდით მოსარგებლე პირების მიმართ. საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატები იმ შემთხვევებზე საუბრობენ, როცა ლომბარდით მოსარგებლე პირების ან თავდებში მდგომი ადამიანების უფლებები ირღვევა.ადვოკატების ინფორმაციით, ისეთი შემთხვევების დროს, როცა ლომბარდით მოსარგებლე ადამიანები ან თავდებში მდგომი პირები თანხის დაფარვას ვერ ახერხებენ, ე.წ კრედიტოფიცრები ხშირად კანონდარღვევით მოქმედებენ და მომხმარებლის გაფრთხილების გარეშე, ნივთის რეალიზაციას ახდენენ. ადვოკატები კრედიტორების ვალდებულებებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი ვალდებულია გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე ორი კვირით ადრე წერილობით ფორმით გააფრთხილოს დამგირავებელი და სხვა მოგირავნეები. კრედიტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება, არ გაუგზავნოს მოვალეს შეტყობინება, თუ პროდუქტი მალფუჭებადია ან თუ დაყოვნების შედეგად, შეიძლება საბაზრო ღირებულება შემცირდეს, თუმცა როგორც საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატი განმარტავს, პრაქტიკაში, როგორც წესი, ნივთის დაუყოვნებლივი რეალიზაციის აუცილებლობის შემთხვევები ძალიან მცირეა.„ყოველდღიურად, იურიდიული კომპანიაში ათეულობით ზარი შემოდის ლომბარდის ტიპის დაწესებულებების თემატიკასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი ჭარბობს შეკითხვები ავტოლომბარდების სამუშაო სპეციფიკისა და მათი უფლებების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული მუხლით, კანონმდებელი გარკვეულწილად, იცავს მოვალის ინტერესებს და კრედიტორს ავალდებულებს, ნივთის რეალიზაციამდე დამგირავებელს დამატებით განუსაზღვროს ორკვირიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რათა მოვალემ შეძლოს ფულადი ვალდებულების შესრულება. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პირობები ირღვევა, მოქალაქეს, არაინფორმირებულობის გამო, უმძიმდება მდგომარეობა და ხდება მისი ნივთის რეალიზაცია”, – განაცხადა ანა გორდეზიანმა.გორდეზიანის ინფორმაციით, კრედიტოფიცრები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტორს,რომ შესაძლოა, დაგირავებული ნივთი ძალიან ძვირფასი იყოს მოვალისთვის და სწორედ დამატებით, ორი კვირის ფარგლებში, სავსებით რეალურია, მოქალაქემ შეძლოს სესხის დასაფარად საჭირო სახსრების მოძიება და ნივთის რეალიზაციის პროცესის თავიდან არიდება. ანა გორდეზიანი ლომბარდის წარმომადგენელთა მხრიდან არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე საუბრობს.„ძალიან ხშირად, სატელეფონო კონსულტაციების ფარგლებში, მოგვმართავენ კითხვით, მოვალის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქვს თუ არა ე.წ ამოღების სამსახურს (როგორც თავად უწოდებენ ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი შპს-ები, ან ლომბარდის კრედიტოფიცრები), მათ ან მათი თავდები პირის საცხოვრებელ ადგილას უნებართვოდ შეჭრის, ნივთების დაყადაღების ან ფართიდან გატანის . ამ შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, ის გარემოება, რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაციები წარმოადგენენ კერძოს სამართლის სუბიექტებს, რომლებიც ბანკთან ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, აწარმოებენ პრობლემური სესხების მართვას. ამდენად, ამ ტიპის ორგანიზაციებს სახელმწიფოს მხრიდან არ აქვთ დელეგირებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების განხორცილების უფლებამოსილება, ამდენად, სასამართლო განჩინების არარსებობის პირობებში, მათ მიერ კერძო საკუთრებაში უნებართვო შეჭრა და მით უფრო, ნივთების დაუფლება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, მოქალაქეებს ვურჩევ, ინფორმაცია მიაწოდონ პოლიციას“, – განაცხადა ანა გორდეზიანმა.იურისტები პრობლემად თვლიან ასევე, ნივთის შეფასების კრიტერიუმებსაც, რომელიც ხშირად, იურისტების ინფორმაციით, ექსპერტის შეფასების გარეშე ლომბარდის წარმომდგენელთა მიერ ფასდება.„იშვიათად თუ შეხვდებით ლომბარდებს, რომელიც ნივთის შეფასებას ახორციელებენ ექსპერტის (სპეციალისტის) მეშვეობით. როგორც წესი, კრედიტორები პირადი შეხედულებით ახდენენ ნივთის, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების შეფასებასა და ღირებულების დადგენას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც მანქანის რეალური საბაზრო ღირებულება გაცილებით აღემატება ხელშეკრულებაში მითითებულ თანხას. აღნიშნულს განაპირობებს კრედიტორის იმპერატიული მოთხოვნა, რაც საბოლოდ, აზარალებს დამგირავებელს, თუმცა მას არ გააჩნია ალტერნატივა, იმდენად, რამდენადაც ხელშეკრულების პირობებზე პრეტენზიის გაცხადების შემთხვევაში, კრედიტორი უარს იტყვის სესხის გაცემაზე“, – აღნიშნა ანა გორდეზიანმა.რამდენად რეალურია საბაზრო ღირებულებაზე დაახლოებით 7-ჯერ ნაკლებად შეფასდეს ავტომანქანა და ამასთანავე, გაუტოლდეს მოქალაქის მიერ მოთხოვნილ თანხის მოცულობას, რომლის ვერგასტუმრების შემთხვევაშიც, ამოღება უნდა განხორციელდეს, რთულად განსასაზღვრია. თუმცა ფაქტია, რომ ეს პრობლემა მოქალაქეებს აწუხებთ და მოგვარებას საჭიროებს. იურისტების განმარტებით, პრობლემის აღმოფხვრა კანონმდებლობაში შესაბამისი დათქმის დამატებით გახდება შესაძლებელი.„იმ შემთხვევაში, თუ ნივთის რეალიზაციის პროცედურების (მათ შორის ორი კვირით ადრე წერილობითი გაფრთხილების გაგზავნის) დარღვევისათვის საკანონმდებლო დონეზე დაწესდება საჯარიმო სანქციები, ორგანიზაციები, რომლებიც სარგებლობენ დომინანტური მდგომარეობით, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მომხმარებელთა უფლებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კრედიტორების მხრიდან კანონის დარღვევას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ მოქალაქეები თავს იკავებენ სასამართლოში დავის წარმოების ფარგლებში სახელმწიფო ბაჟისა და სხვა დანახარჯების გაღებისაგან“, – განაცხადა ადვოკატმა.შევა თუ არა შესაბამისი დათქმა კანონმდებლობაში, რომელიც საჯარიმო სანქციებს დააკისრებს არაკეთილსინდისიერ კრედიტოფიცრებს და აღიკვეთება თუ არა სალომბარდე სივრცეში გაბატონებული უსამართლობა, ჯერჯერობით პასუხგაუცემელია. აუცილებელია,რომ სახელმწიფომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და არ დაუშვას ისედაც დომინანტურ მდგომარეობაში მყოფი ინსტიტუტის ბაზარზე კიდევ უფრო გაბატონება.