error4305 2018.01.13
„ყოველი 3 ქალიდან 1 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია“

 „32 წლის ქალს ყოფილმა ქმარმა 14 ჭრილობა მიაყენა“, „ორსული ცოლის მიმართ ძალადობის ფაქტზე რუსთავში ერთი პირი დააკავეს“, „მეუღლეზე ფიზკური ძალადობის ბრალდებით 27 წლის მამაკაცი დააკავეს“, „სოფელ არსევანში მამაკაცმა ორსული ცოლი სცემა“, „ყოფილმა ქმარმა 22 წლის დეა გოშხეთელიანი და მისი მამა მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით სცემა.“ - ეს არის ოჯახში, ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევათა მცირე ჩამონათვალი, რომლებიც გასულ კვირას დაფიქსირდა.

 

 საერთოდ, ძალადობა ოჯახში შეიძლება, სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, იქნება ეს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური თუ სხვა. 

 

 ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობაში რომ ყოველთვის ქალი სჭარბობს, ამას არაერთი კვლევა ადასტურებს. ქალთა მიმართ ძალადობის საგანგაშო რეალობას მწვავე პრობლემად სახელდება სახალხო დამცველის აპარატის სხვადასხვა ანგარიშში; პრობლემის სირთულესა და მისი მოგვარების გზებზე სხვადასხვა დროს მუშაობენ არასამთავრობო ორგანიზაციები თუ სახელმწიფო უწყებები, თუმცა, მისი აღმოფხვრა კვლავაც გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 2 726 შემაკავებელი ოქმი გაიცა. უშუალოდ ძალადობის 858 შემთხვევა დაფიქსირდა,  გამოვლინდა მოძალადის  მიერ მსხვერპლზე ძალადობით მიყენებული 31 ჯანმრთელობის დაზიანება, 12 კი მკვლელობით დასრულებული შემთხვევა.

 

 რაც შეეხება 2016 წელს; ოჯახში ძალადობის კუთხით არც ის ჩამოუვარდებოდა წინა წლებს. სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელს ძალადობის კუთხით 2 877 შემაკავებელი ოქმი გაიცა. გამოვლინდა ოჯახური ძალადობის 1 350, მკვლელობის 21 და ჯანმრთელობის დაზიანების 45 შემთხვევა.

 

 სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს ოჯახური ძალადობის რიცხვი წინა წლებთან შედარებით კიდევ გაზრდილია. თუმცა, აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ამ ფაქტით არ მტკიცდება, რომ წინა წლებში ოჯახური ძალადობა უფრო იშვიათად ხდებოდა; ანალიზიდან ჩანს, რომ გასულ წლებთან შედარებით, ქალების მხრიდან ძალადობის გამოვლენის და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართვიანობის რიცხვიც გაზრდილია.   

 

 დავუბრუნდეთ 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, ამ წელს 3921 შემაკავებელი ოქმი გაიცა; გარდა ამისა, გამოვლინდა ოჯახობის ძალადობის 1964, ოჯახური ძალადობის შედეგად მიყენებული  ჯანმრთელობის დაზიანების 33 და მკვლელობის 25 შემთხვევა.

 

 აღნიშნულ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, შეიძლება, დავასკვნათ, რომ ოჯახური ძალადობის მონაცემები გაზრდილია. თუმცა, აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ამ ფაქტით არ მტკიცდება, რომ წინა წლებში ოჯახური ძალადობა უფრო იშვიათად ხდებოდა უკანასკნელ წლებში კი ეს რიცხვი გაიზარდა.

 

 სტატისტიკური მონაცემები სრულ სურათს რომ ვერ გადმოსცემს, ფაქტია. სტატისტიკის უზუსტობას ის გარემოებაც ამტკიცებს, რომ უმეტესად, ოჯახში პრობლემების არსებობის მიუხედავად, ძალადობის მსხვერპლი ქალები დახმარებისთვის პოლიციას იშვიათად მიმართავენ შესაბამისად, ძალადობის ფაქტების აღრიცხვა ვერ ხდება და რეალობა სტატისტიკის მიღმა რჩება. აქედამ გამომდინარე, სავარაუდოდ, რეალური რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს რამდენჯერმე აღემატება.

 

 ოჯახური, უფრო კონკრეტულად კი ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მწვავე პრობლემაა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, ყოველი 3 ქალიდან ერთს (35%) თავისი ცხოვრების განმავლობაში გამოუცდია ფიზიკური ან/და სექსუალური ძალადობა პარტნიორის ან არაპარტნიორის მხრიდან.

 

 საადვოკატო ბიურო „OK&CG“ ქალთა მიმართ ძალადობის უკანასკნელ პერიოდში გამოვლენილ ფაქტებს ეხმიანება.

 

  „ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც 21-ე საუკუნეში კვლავ გვიწევს ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბარი. სამწუხარო და საგანგაშოა ის შემთხვევები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ოჯახში ძალადობის კუთხით ბოლო პერიოდში გამოვლინდა. შემაშფოთებელია მზარდი სტატისტიკაც, თუმცა, ამ რიცხვებში ერთადერთი პოზიტიური შეიძლება ის იყოს, რომ  ძალადობის მსხვერპლ ქალთა სამართალდამცავორგანოებისადმი მიმართვიანობამ საგრძნობლად იმატა; რაც იმისკენ მიგვითითებს, რომ ამ ქალებმა დაძლიეს ეტაპი, როცა სხვადასხვა მიზეზის გამო მათ მიმართ განხორცილებულ ძალადობას მალავდნენ,“- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი.

 

 კომპანიაში მიაჩნიათ, რომ პრობლემა კომპლექსურად რთულია და მის აღმოსახვრელად, სახელმწიფოს და მასთან ერთად სამოქალაქო სექტორს კიდევ უფრო აქტიური მუშაობა მართებს.

 

 „მართალია კანონმდებლობის კუთხით ანდაც საზოგადოებაში ცნობიერების თვალასზრისით უკეთესი ვითარება გვაქვს, ვიდრე გასულ წლებში, თუმცა, ამ მიმართულებით სამუშაო კიდევ ბევრია. მაგალითად, სამართალდამცავმა ორგანოებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ პრევენციული ხასიათის ღონისძიებებს და ასევე, უნდა იზრუნონ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე,“-განაცხადა ოთარ კაჭკაჭავილმა.

 

რაც შეეხება პრობლემის გადაჭრის გზებს; კომპანიის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ  პრობლემის მოგვარების გზებზე სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები  პოზიტიურია, თუმცა იმისთვის,  რომ კანონი უფრო კარგ შედეგს იძლეოდეს, კიდევ ბევრი დეტალია დასახვეწი; „თუ 5 წლის წინ კანონში არ არსებობდა შემაკავებელი ორდერი, მისი დანერგვის შემდეგ რეალობა პოზიტიურად შეიცვალა; მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შემაკავებელ ორდერს არანაირი პირდაპირი მექანიზმი არ აქვს გარდა იმისა, რომ მოძალადე პირს სასამართლოსგან მხრიდან მიეცემა ოქმი, რომლის მიხევითაც, მას მსხვერპლთან მიახლოვება ეკრძალება. თუმცა, ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუ შეიქმნება სპეციალური დაწესებულებები, სადაც მოძალადეს გარკვეული პერიოდით მოუწევს გაჩერება, სადაც მას კონსულტაციას გაუწევენ ფსიქოლოგები, ჩაუტარდებათ ტრეინინგები, რაც მის ცნობიერებას სწორად მომართავს, რათა მომავალში ამ ტიპის დანაშაული არ ჩაიდინონ,“-ამბობს იგი.

 

 დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა რეალურ სურათს არ აჩვენებს, რიცხვები მაინც საგანგაშოა. ყველა, ვინც აღნიშნული საკითხით არის დაინტერესებული, ერთხმად თანხმდება, რომ პრობლმეა მწვავეა და მისი გადაჭრის გზები სწრაფად მოსაძებნი. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ეფექტური სერვისები და დამნაშავეთა დასჯა მნიშვნელოვანია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საუკეთესო გზა მისი პრევენციაა. ამ კუთხით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კი ცნობიერების ამაღლებაა, რადგან ძალადობის გამომწევი მიზეზების აღმოფხვრა სწორედ ცნობიერების ამაღლების დახმარებითაა შესაძლებელი.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება