error5017 2018.01.17
პატიმრობა თუ გირაო?

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი ძალზე აქტუალურია.   

 

   საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საადვოკატო ბიურო „OK&CG“  „ბასიანის“ ინციდენტსა და ქუთაისში მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით,  კომენტარს აკეთებს.

 

 კომპანიაში მიაჩნიათ, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა ან უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება.

 

 „მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად ბრალდებულს პატიმრობა ან სხვა აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება შეეფარდოს, თუ აღკვეთის ღონისძიების კანონით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით, განსახილველ ორ შემთხვევაში სასამართლოს მიდგომა ბრალდებულებისა და მათ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისადმი არაერთგვაროვანი აღმოჩნდა,“- განაცხადა საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატმა, ქეთევან ქავთარაძემ.  

 

 საერთოდ, აღკვეთის ღონისძიების ყველაზე გავრცელებული სახეებია ბრალდებულისთვის პატიმრობისა და გირაოს შეფარდება.  აღკვეთის ღონისძიებისა და მისი კონკრეტული სახით გამოყენებისას (აღკვეთის ღონისძიებით შეფარდებისას), სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის საქმიანობას, ასაკს, ჯანმრთელობას, ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ადრე შეფარდებული რომელიმე აღკვეთის ღონისძიების დარღვევის ფაქტს და სხვა გარემოებებს.

 

 „აღნიშნულის მიუხედავად, „ბასიანის“ ინციდენტის შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულმა ღამის კლუბ „ბასიანთან“ პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს გირაო შეუფარდა, მაშინ, როდესაც ქუთაისში მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პირველმა ინსტანციამ ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ არასრულწლოვანის თანდასწრებით ძალადობასა და ცემაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო, 3 000 ლარის ოდენობით,“-ამბობს ქეთევან ქავთარაძე.

 

 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება და პატიმრობასთან შედარებით წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქ ფორმას.

 

 მოგვიანებით, პირველი ინსტანციის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები  სააპელაციო სასამართლოს მიერ შეიცვალა და ბრალდებულებს ორივე შემთხვევაში გირაო შეეცვალათ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით, რაც, როგორც ქეთევან ქეთევან ქავთარაძე განმარტავს, კითხვებს აჩენს სასამართლოს დამოკიდებულებასთან მიმართებით.

 

 რატომ გამოიყენა პირველი ინსტანციის სასამართლომ ორი ერთნაირი სირთულის დანაშაულის განხილვისას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, მაშინ როდესაც სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია მიზანშეწონილად განსახილველ დანაშაულებში აღკვეთის უფრო მსუბუქი ღონისძიების გამოყენება?  - მართალია, მოსამართლე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად აღკვეთის ღონისძიების საკითხს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს წარდგენილი მტკიცებულებებისა და კანონის ფარგლებში, თუმცა გასათვალისწინებელია კანონის დათქმა, რომელიც მოსამართლეს საშუალებას აძლევს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას გაითვალისწინოს დანაშაულის სიმძიმე, ბრალდებულის პიროვნება, მისი დანაშაულებრივი წარსული და გადაწყვეტილება მიიღოს ამ ინფორმაციათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება