ავანსის დღგ-თი დაბეგვრის წესის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ, ბიზნესი მის გაუქმებას ითხოვს, რადგან ირწმუნება, რომ აღნიშნულმა სისტემამ სექტორს პრობლემები შეუქმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კი სისტემის გაუქმების წინააღმდეგია.
აღნიშნული საკითხი „საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე არაერთხელ დააყენეს, თუმცა როგორც უკანასკნელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, ავანსის დღგ-თი დაბეგვრის წესის გაუქმება არ იგეგმება.
სისტემის მთლიანად გაუქმებას ეწინააღმდეგება მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძეც, თუმცა გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებას ითხოვს. მისი თქმით, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს.
ჭელიძის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ შემოსავლების სამსახური ხარვეზის გამოსწორებას ეცდება.
„შემოსავლების სამსახურის იურიდიულ დეპარტამენტს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში წერილობით მივმართავ. მოლოდინი მაქვს, რომ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, რადგან ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის სურვილი. მხოლოდ ტექნიკური ხარვეზების გამოსწორებას ვითხოვთ, სხვა მოთხოვნა არ გვაქვს. მაგალითად, როდესაც მარტში ავანსის ანგარიშფაქტურა გამოვწერე, მეორე მხარემ გარკვეული მიზეზების გამო, არ დამიდასტურა, ან არ დაეთანხმა, რომ ეს ავანსია. მომსახურების პროცესი ივლისში დასრულდა და საბოლოო ანგარიშფაქტურა მომთხოვა. საბოლოო ანგარიშფაქტურაც რომ გამოვწერე, გამოვიდა, რომ ორჯერ დავიბეგრე. საბოლოო ანგარიშფაქტურას პირველი ანგარიშფაქტურა უნდა მივაბა, თუ არ მივაბამ, ორჯერ ვიბეგრები. რადგან პორტალი მეუბნება, რომ ანგარიშფაქტურაში რაც წერია, ის უფრო მეტია და არასწორიაო“, - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.
მისი განმარტებით, ავანსის დღგ-ს წესით დაბეგვრა კარგი პრაქტიკაა, რამაც ბიზნესს გარკვეული პრობლემები თავიდან ააცილა.
„დღგ-ს წესის გაუქმებას ბიზნესი ითხოვს, რასაც მე არ ვეთანხმები. აქამდე ასე იყო, საბოლოო ანგარიშფაქტურას რომ წერდი, მანამდე მიღებული ავანსები უკვე დახარჯული გქონდა. საბოლოო გადახდის დროს, ნაღდი ფული აღარ გქონდა და პრობლემა იქმნებოდა. ავანსის დღგ-თი დაბეგვრამ ეს პრობლემა აგვარიდა. ახლა უკვე გაქვს ფული და თანხას იხდი.
რაც შეეხება მთლიანად გაუქმებას, ჩემი აზრით, ეს კანონის პრობლემა კი არა, იმ ადამიანების პრობლემაა, ვინც ამას აკეთებენ. ბუღალტერებს, რომლებიც ჩართულნი არიან პროცესში, შესაძლოა, კომპეტენცია ან დრო არ ჰყოფნით. ადრე თუ ამ პროცედურისთვის ერთი საათი გჭირდებოდა, ახლა ოთხი საათია საჭირო“, - აღნიშნავს მიხეილ ჭელიძე.
მისივე თქმით, ადმინისტრირების ნაწილი გაიზარდა და რაც არ უნდა გამარტივდეს, ადამიანებს ამ პროცესში ჩართულობის ვალდებულება მაინც ექნებათ: „გონების და დროის მეტი დატანება სჭირდება, რომ განსაზღვრო ამოღებული ავანსი დღგ-თი დაბეგრო თუ არა.“
ავანსის დღგ-თი დაბეგვრის წესში ცვლილელების მოლოდინი აქვს ბიზნეს ასოციაციის საბაჟო-საგადასახადო კომიტეტის მმართველ თავმჯდომარეს ზურაბ ლალაზაშვილსაც, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ სისტემის მთლიანად გაუქმება ნაკლებად მოსალოდნელია.
„ჩვენ არერთი შეხვედრა გვქონდა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, შემოსავლების სამსახურთან, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ავანსის დღგ-თი დაბეგვრა გაუქმდეს. ეს არის ვალდებულება, რაც ჩვენ ევროკაშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული გვაქვს. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, ყველა კომპანიას, ყველა სექტორს სხვადასხვანაირი პრობლემა შეიძლება ჰქონდეს. მნიშვნელოვანია დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული წესი სექტორულად გავრცელდეს. ამას მსჯელობა სჭირდება. აქ საუბარია ისეთ კომპანიებზე, სადაც სახელმწიფო ფისკალურ რისკს ხედავს“, - აღნიშნავს ლალაზაშვილი.
მისივე განმარტებით, შემოსავლების სამსახურთან დააყენეს საკითხი, რაც ვადებს უკავშირდება.
„ჩვენ დავაყენეთ საკითხი, შესაძლებელია თუ არა, რომ ვადებს გადავხედოთ. ესა თუ ის ფინანსური ოპერაცია ავანსის მიღებად ჩაითვლება თუ არა, ვადებზე უნდა იყოს დამოკიდებული. მაგალითად, თუ ავანსი იანვარში მივიღეთ და მომსახურება ან საქონელი თებერვალში გავყიდეთ, ავანსად არ უნდა ჩაითვალოს. ცვლილების შეტანა მარტივი არ იქნება, ამას დრო სჭირდება“, - აცხადებს ზურაბ ლალაზაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულება 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა. აღნიშნული პერიოდიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გადახდის მომენტი განისაზღვრა და თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება.
წყარო: bpn.ge
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება