error2284 2018.02.21
„საგადასახადო კანონმდებლობაში ხშირი ცვლილებები ბიზნესს მნიშვნელოვნად აზიანებს“

 ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსში 6 ახალი ცვლილება შევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ავრცელებს. მინისტრს მიაჩნია, რომ „აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში ამ ორგანიზაციებს მეტი თანხები ექნებათ შიდა ინვესტიციების განსახორციელებლად, რაც ცალსახად უნდა აისახოს მათი საქმიანობის ხარისხზე

 

„პირველი ინიციატივა - ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, სადაც იგულისხმება საქველმოქმედო ორგანიზაციები,  სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები, 2019 წლიდან მათი დაბეგვრის სისტემა გადავა ე.წ. ესტონურ მოდელზე, ანუ ისინი შეძლებენ, რომ განთავისუფლდნენ მოგების გადასახადისგან. “.

 

 მეორე ინიციატივა გარკვეულწილად ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა ბიზნესისთვის  ადმინისტრირების გამარტივებას ითვალისწინებს.  2017 წლის 1-ლი იანვრიდან დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გახდა გადახდილი ავანსი, შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-თი დაბეგვრის სპეციალური ნორმები ფაქტობრივად, აღარ გამოიყენება, შესაბამისად, ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საერთოდ ასეთი პრაქტიკა გავაუქმოთ. გრძელვადიანი კონტრაქტების ადმინისტრირება ხშირად ბიზნესისთვის არსებული პრაქტიკით გართულებული იყო, შესაბამისად, ჩვენ ამას ჩავანაცვლებთ უფრო გამატივებული პრაქტიკით.

 

მესამე ინიციატივაა - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების გაწევა, რომ გავათავისუფლოთ დამატებული ღირებულების გადასახადისგან. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული შეღავათით ჩვენ მნიშვნელოვანად წავახალისებთ, რომ საქართველო გახდეს რეგიონული ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ იმ კომპანიების საქმიანობის არეალი, რომლებიც მომსახურების ექსპორტს ეწევიან, მნიშვნელოვანად გაფართოვდება.

 

მეოთხე ინიციატივა ეხება ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტს. იცით, რომ გასულ წელს ძალიან კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტის თვალსაზრისით. ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს. გვაქვს ინიციატივა, რომ იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 15 დღის ვადაში ჩვენ ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს. აქამდე ჩვენ 50%-ს ვანაზღაურებდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უფრო გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ინიციატივის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდება და გაიზრდება ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა ამ დარგში.

 

მეხუთე ინიციატივა გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული ავტომობილების გათავისუფლებას სააქციზიო გადასახადისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან როგორც წესი, ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან მსგავსი ავტომობილები და შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების შეძენა სჭირდებათ, ექნებათ საშუალება, რომ აქციზისგან გათავისუფლებულ რეჟიმში 3 წელიწადში ერთხელ შეისყიდონ შესაბამისი ავტომობილი.

 

მეექვსე ინიციატივა ეხება მოგების გადასახადის რეფორმას. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე საფინანსო სექტორთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოგების გადასახადის რეფორმის ვადა გადავწიოთ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე საფინანსო სექტორისთვის. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ ძალიან აქტიურად კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმართულებით და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულ საფინანსო სექტორს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ექნება, რომ იმ მიმართულებითაც თავისი შესაძლებლობები წარმოაჩინოს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მინისტრის ინიციატივებს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გამოეხმაურა. კომპანიის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს აჩენს და ინიციატორებმა დეტალურად უნდა განმარტონ, რეალურად რას ისახავს მიზნად დაბეგვრის ახალი სისტემა.

 „მოგეხსენებათ, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ-ები) და ასამეწარმეო არაკომერციული  იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ები) უმეტესობა ფინანსდება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, შესაბამისად  აღნიშნული ინიციატივა მიზნად არ ისახავს ბიზნეს  სექტორისთვის შეღავათების დაწესებას და კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ რეალურად რას ისახავს მიზნად დაბეგვრის ახალი ინიციატივა ამ ნაწილში,“-განაცხადა „OK&CG“-ს ადვოკატრმა, ქეთევან ქავთარაძემ.  

 

კომპანიაში ასევე მიაჩნიათ, რომ „საგადასახადო კანონმდებლობაში დაბეგვრასთან დაკავშირებული მსგავსი სახის ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს ხშირად, რადგან აღნიშნული სწრაფი ცვლილებები აზიანებს ბიზნესის სიმყარეს. რაც შეეხება ავანსთან მიმართებით არსებულ ინიციატივას, იურისტები თავდაპირველ ეტაპზევე ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებდით ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას ავანსის დღგ-თი დაბეგვრასთან დაკავშირებით, რადგან მეწარმე სუბიექტების უმეტესობა საქმიანობაში მუდმივად თავისუფლად  იყენებდა ავანსს და არ ბეგრავდა მას, ხოლო 2017 წლის 01 იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციამ ბიზნეს სექტორს დაუმძიმა ეკონომიკური მდგომარეობა,“-განაცხადა ქეთევან ქავთარაძემ.  

 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში