საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქეების - გუჩა კვარაცხელიას, გივი ცინცაძის, გიორგი თავაძის, ელიზბარ ჯაველიძისა და სხვების (სულ 17 მოსარჩელე) კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, საქმეზე მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა. სადავო ნორმა ადგენდა, რომ აკადემიის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომლის ასაკი 70 წელს აღემატება.
მოსარჩელე მხარის მითითებით, 70 წელს გადაცილებულ ქმედუნარიან, ჯანსაღი ფსიქიკისა და გონებრივი მონაცემების მქონე აკადემიკოსებს, მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე ეზღუდებოდათ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების უფლება, რაც იწვევდა მათ მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას.
მოპასუხე მხარე აღნიშნავდა, რომ ზოგადად, ასაკობრივი ზღვრის დაწესება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. სადავო ნორმა ემსახურება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეფექტური და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, თუმცა, ვინაიდან აკადემიკოსთა უმრავლესობის ასაკი აღემატება 70 წელს ან მიახლოებულია მასთან, ხოლო, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დაიშვება მხოლოდ აკადემიკოსის არჩევა, შესაძლოა ვეღარც მოხდეს დასახელებულ თანამდებობებზე პირის არჩევა. ამდენად, მოპასუხე მხარემ ცნო კონსტიტუციური სარჩელი.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველყოფილი იყოს ამა თუ იმ სახელმწიფო ფუნქციის სათანადოდ განხორციელება, თუმცა, იმავდროულად, მნიშვნელოვანია ასაკოვანი პირების დაცვა დისკრიმინაციისაგან. ფაქტი, რომ ზოგადად ასაკის მატების თანმდევი შედეგია ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების შესუსტება და გარკვეული უნარების დაქვეითება, თავისთავად ვერ გახდება ასაკთან დაკავშირებული ნებისმიერი შეზღუდვის დაწესების საფუძველი.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასაკთან დაკავშირებული შეზღუდვის რაციონალურობის შეფასებისთვის დაადგინა ორსაფეხურიანი ტესტი. კერძოდ, შეზღუდვის რაციონალურად მიჩნევისთვის კანონმდებელი ვალდებულია დაასაბუთოს, რომ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევა, როგორც წესი, შემთხვევათა უმრავლესობაში იწვევს ადამიანის იმგვარი უნარების დაქვეითებას, შესუსტებას, რაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად, და შეუძლებელია ან/და არაგონივრულია პირთა უნარების ინდივიდუალური შეფასება და თანამდებობის დაკავების საკითხის მის საფუძველზე გადაწყვეტა.
საკონსტიტუციო სასამართლომ აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობების განხორციელებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ ამ თანამდებობებზე საქმიანობის განხორციელება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ფიზიკურ მოთხოვნებთან. მეტიც, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასახელებული ფუნქციების სრულყოფილად შესრულებას, შესაძლოა, განაპირობებდეს კიდეც ასაკის მატებასთან ერთად დაგროვებული ცოდნა, გამოცდილება თუ ინსტიტუციური მეხსიერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ახდენდა არსებითად თანასწორ პირთა დისკრიმინაციას და ცნო ის არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.
დავის საგანი: „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
წყარო: http://constcourt.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში