error2021 2018.03.09
მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ცვლილებებია

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული პროექტი, შესაძლოა ისე დაკორექტირდეს, რომ სტატუსის ქონა შვილების ასაკთან არ იყოს დაკავშირებული.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებმა დღეს, მრავალშვილიან მშობლებთან ერთად განიხილეს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, ოთხ და მეტშვილიან ოჯახებს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი მიენიჭებათ. 

ცხარე დისკუსიის საგანი იყო პროექტის ნაწილი, რომლითაც მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის ქონა 18-წლამდე ასაკის შვილების შემთხვევაში განისაზღვრება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, არ შეიძლება სტატუსი შვილების ასაკთან იყოს დაკავშირებული და მას შემდეგ, რაც შვილი სრულწლოვანი გახდება, მშობელი სტატუსს კარგავდეს. 

„ჩვენ ყველა შენიშვნას განვიხილავთ. ალბათ ყველა გამოთქმული შენიშვნის პროექტში ასახვა ვერ მოხდება, მაგრამ სტატუსთან მიმართებაში შეიძლება დაზუსტდეს, რომ ასაკობრივი ზღვარი იყოს სოციალური მხარდაჭერის კუთხით, მაგრამ მშობელი ოთხზე მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში, შვილების ასაკის მიუხედავად, სტატუსის მატარებელი იყოს. სოციალური მხარდაჭერის პროგრამები იქნება ასაკობრივ ზღვართან მიმართებით, მაგრამ სტატუსი შეიძლება ასაკობრივი ზღვარით შემოსაზღვრული არ იყოს - ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და შესაბამის ფორმულირებას ჩამოვაყალიბებთ“, - განაცხადა პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა დიმიტრი ხუნდაძემ. 

„სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, შემოდის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი - მრავალშვილიანი მშობელი ხდება პირი, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი ან ნაშვილები.

ამავე პროექტით, მრავალშვილიანი მშობლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით, ხოლო მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენისა და გაუქმების და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესი - მთავრობის დადგენილებით.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო ბიუჯეტით მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია დაფინანსდება: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. 

„საქსტატის მონაცემებით (2014 - საყოველთაო აღწერის შედეგები) 12 369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს: 9 316 შინამეურნეობაა, სადაც ოთხი 18 წლამდე ბავშვი ცხოვრობს - ისინი მიიღებენ 20 ლარის შეღავათს თვეში - 2 235 840 ლარი; 5 ბავშვი - 2 190 შინამეურნეობა - 30 ლარის შეღავათი (20 ლარს + 10 ლარი მე-5 ბავშვისთვის) – 788 400 ლარი; 6 ბავშვი - 583 შინამეურნეობა - 40 ლარის შეღავათი - 280 000 ლარი; 7+ ბავშვი - 280 შინამეურნეობა (2 098 ბავშვი) მინიმუმ 20 ლარს მიიღებს + მე-5 და მომდევნო ბავშვი ამ შინამეურნეობებში არის 978 (280 * 4 =1120; 2098 - 1120=978) - 184 560 ლარი. სულ დაახლოებით 3 489 000 ლარი. შეღავათს მიიღებენ ოჯახები, რომლებიც რეგისტრირებულნი იქნებიან “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის. ა.წ. თებერვლის მონაცემებით, ბაზაში რეგისტრირებულია 7 525 მრავალშვილიანი ოჯახი (საქსტატის მონაცემებით დაფიქსირებული მრავალშვილიანი ოჯახების 61%), რომელთაგან 99.8% აქვს 300 000 და ნაკლები ქულა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შეღავათს მიიღებს მრავალშვილიანი ოჯახების დიდი უმრავლესობა“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 
 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში