საქართველოში შესაძლოა, ბავშვის აღმზრდელების, ანუ ძიძების რეესტრი შეიქმას. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა უკვე შევიდა.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, აუცილებელია ისეთი პრევენციული ინსტიტუტის შექმნა, რომელიც რაც შეიძლება ადრეულ ასაკში დაიცავს ბავშვის უსაფრთხოებას. წინადადების ავტორის ცნობით, ასეთი ინსტიტუტი საქართველოში არ არსებობს.
„საქართველოში არსებობს აღმზრდელთა დასაქმების სააგენტოები, რომლებიც ფაქტობრივად, ევროპაში მოქმედი სააგენტოების მსგავსია. სააგენტო თავად არჩევს კადრებს, თუ ვინ შეიძლება იყოს ძიძა და მათ შესაბამის მოთხოვნებს უწესებს. აღმზრდელი დასაქმების შემთხვევაში ვალდებულია, ე.წ. პირველი ხელფასი სააგენტოს გადაუხადოს. ევროპის მაგალითებმაც აჩვენა, რომ ეს სისტემა ბავშვის უსაფრთხოდ აღზრდისთვის საკმარისი არ არის. მომდინარე საფრთხის მასშტაბები სახელმწიფოს მხრიდან მოითხოვს იმგვარი სამართლებრივი ინსტიტუტის შემოღებას, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბავშვის უსაფრთხო აღზრდას, საზოგადოებაში ნდობის მაღალი სტანდარტით ისარგებლებს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. საჭიროა, სახელმწიფო მეტად იყოს ჩართული ბავშვთა უსაფრთხოების საკითხში და თავად შექმნას აღმზრდელთა მონაცემთა ბაზა ,“-ნათქვამია განმარტებით ბარათში.
წინადადების მიხედვით, აღმზრდელთა რეესტრის გამოყენება მშობლებისთვის ნებაყოფლობითი იქნება; ხოლო სააგენტოები ვალდებულნი იქნებიან საქმიანობის სფეროში მხოლოდ სახელმწიფო მონაცემთა ბაზა გამოიყენონ. ამასთან, პროექტის თანახმად, რეესტრის გამოყენება ყველასთვის ფასიანი იქნება.
„სახელმწიფოს ჩართულობა უნდა გამოიხატოს არა მხოლოდ აღმზრდელის პირადი მონაცემების, ნასამართლეობის, ფსიქიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაში, არამედ მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რათა მან შემთხვევისთანავე გაუწიოს აღსაზრდელს შესაბამისი დახმარება. მაგალითად, თუ ბავშვს საკვები გადასცდა, აღმზრდელმა უნდა იცოდეს როგორ დაეხმაროს მას,“-ნათქვამია განმარტებით ბარათში.
აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრის წარმოებას შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, შესაბამისად, პირებს, რომელთაც ბავშვის აღმზრდელად მუშაობის სურვილი ექნებათ, სამინისტროსთვის მიმართვა მოუწევთ.
საკანონმდებლო წინადადებების ავტორი მოქალაქე მაია რობაქიძეა. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინადადებაზე მსჯელობა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.
წყარო: bpn.ge
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება