ნაფიცმა მსაჯულებმა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდების საქმეზე, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მსაჯულებმა, ბრალდებული მ. ფ. წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნეს, ათი ხმით ორის წინააღმდეგ.
„საქმის მასალების თანახმად, 2012 წლის 15 ნოემბერს, ბრალდებულმა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული სარეკომენდაციო კომისიის გვერდის ავლით და სამინისტროს ბლანკის მინისტრის ბრძანების დარღვევით გამოყენებით, წერილით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეშუამდგომლა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე, სხვადასხვა მისამართებზე მდებარე კომპაქტური ჩასახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილებისთვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემის თაობაზე. აღნიშნული წერილის საფუძველზე, ქ. თბილისში ვანის ქუჩაზე მდებარე 70.03 კვ.მ. ფართის მქონე უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებული იყო სხვა მისამართზე, მითითებულ კომპაქტურ ჩასახლებაში არასდროს უცხოვრია და სამინისტროსათვის არ მიუმართავს ფართის დაკანონების თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე 12 სასამართლო სხდომა ჩატარდა, დაიკითხა ბრალდების ცხრა და დაცვის სამი მოწმე.
ნაფიცმა მსაჯულებმა სათათბიროდ 4 საათი და 15 წუთი გამოიყენეს და საბოლოოდ, ათი ხმით ორის წინააღმდეგ საქმეზე გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. ნაფიც მსაჯულთა გამამართლებელი ვერდიქტი საბოლოოა და არ საჩივრდება.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება