error1416 2018.12.26
ადვოკატთა ასოციაციის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშ

საქართველოს უზენაესი სასამართლოს, როგორც უმაღლესი საკასაციო ინსტანციის, წარმატებული რეფორმა უმნიშვნელოვანესია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის დამკვიდრებისა და ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის.

  აუცილებლად მიგვაჩნია, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შემავალი ის ინსტიტუცია, რომელმაც თავიდანვე გამოთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლებამოსილების იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემის თაობაზე და ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2017 წლის ივნისში, ოფიციალური წერილით მიმართა საკონსტიტუციო კომისიასა და ვენეციის კომისიას. იხილეთ მიმართვის ტექსტი: https://bit.ly/2EPy4M2.

  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლებამოსილების მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით ნეგატიური პოზიცია განპირობებული იყო იმ რეალობით, რომ საქართველოში მოსამართლეთა თვითმმართველობის ხარისხი არასაკმარისია და არ შეესაბამება დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მოწყობის სტანდარტებს, რაც არაერთგზის აღინიშნა სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ. მიგვაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს.

  ადვოკატთა ასოციაცია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში, მიუთითებდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების უფლების მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის გადაცემით შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა უზენაეს სასამართლოში სხვა იურიდიული პროფესიებისა (ადვოკატი, პროკურორი, და სხვა) და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლების განწესებას, რადგან თავიდანვე არსებობდა იმის ალბათობა, რომ ნომინირების დროს აქცენტი ძირითადად მოქმედ მოსამართლეებზე გაკეთდებოდა.

  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად მხოლოდ მოქმედი მოსამართლეების წარდგენამ, მაშინ როდესაც იურიდიულ პროფესიაში მოღვაწეობს მაღალი კვალიფიკაციის, რეპუტაციისა და ნდობის მქონე არაერთი იურისტი, რომელთაც არ მიეცათ ნომინირების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, შეიძლება შექმნას რისკი, რომ სასამართლო ჩამოყალიბდეს დახურულ სისტემად, რაც კიდევ უფრო დააზიანებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტრატეგიულ მიზნებს.

❗უზენაესი სასამართლოს, როგორც დოქტრინალური საკასაციო ინსტანციის, ჩამოყალიბებისა და სისტემის მიმართ ნდობის მოპოვების ინტერესებისათვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა განხორციელდეს გამჭვირვალე პროცესისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს საკასაციო სასამართლოს დაკომპლექტებას იურიდიულ პროფესიაში აღიარებული და მაღალი რეპუტაციის პროფესიონალებით, როგორც მოქმედი მოსამართლეების, ასევე იურიდიული პროფესიის სხვა წარმომადგენლებისა და მეცნიერ-იურისტთა რიგებიდან.

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტს:

  (ა) უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების პროცესის იმგვარად რეგლამენტაცია, რომ ნომინირების ყველა ეტაპი წარიმართოს გამჭვირვალედ და ობიექტურად და ამასთან, იურიდიული პროფესიის ფართო წარმომადგენლობას მიეცეს აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის შესაძლებობა.

  (ბ) უკვე წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებით კი, თუკი პარლამენტი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას განიხილოს აღნიშნული საკითხი, აუცილებელია უზრუნველყოფილი იქნას იმგვარი სამართლებრივი პროცედურისა და ფორმატის შემუშავება, რომ მოხდეს საკითხის მაქსიმალურად გამჭვირვალე გარემოში განხილვა.

  აქვე, გამოვთქვამთ მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატთა ნომინირების, ისე საპარლამენტო განხილვების ეტაპებზე.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში