error2649 2019.01.08
რა წერია საპენსიო რეფორმის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანაში საკუთრებისა და თანასწორობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. კონსტიტუცია ადამიანის დისკრიმინაციას კრძალავს მარავალი ფაქტორის, მათ შორის სოციალური კუთვნილებისა და ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით. 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” (GDI) შეფასებით, 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული საპენსიო რეფორმა, რომელიც მოქალაქეებსა და დამსაქმებლებს სავალდებულო შენატანების განხორციელებას ავალდებულებს, წინააღმდეგობაში მოდის საკუთრებისა და თანასწორობის შესახებ კონსტიტუციურ მუხლებთან. 

GDI-ისა და მოქალაქე ედუარდ მარიკაშვილის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს 8 იანვრარს წარედგინება. ორგანიზაცია ამასთანავე, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, საკონსტიტუციო განხილვის პერიოდში შეჩერდეს აღნიშნული კანონის აღსრულება. თუ სასამართლო შეჩერების გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, მოქალაქეთა ხელფასებიდან სავალდებულო შენატანების ჩამოჭრა შეჩერდება. 
 

საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსი


საკონსტიტუციო სარჩელი GDI-იმ და იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა მოამზადეს. სარჩელი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება.  გასაჩივრებულია “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონის ის მუხლები, რომლებითაც მოქალაქეთათვის და მათი დამსაქმებლებისთვის საპენსიო შენატანების განხორციელება სავალდებულოა. 

მოსარჩელეთა აზრით, სახელმწიფოს მხრიდან 2%-იანი და 1%-იანი შენატანების განხორციელება ახალ პრობლემას წარმოშობს, რაც წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის კონსტიტუციურ ჩანაწერთან. მთავრობა საპენსიო კონტრიბუციის განხორციელებისას არ ითვალისწინებს მოქალაქეთა ქონებრივ მდგომარეობას პენსიაზე გასვლის მომენტისთვის. ეს რიგ შემთხვევებში შეიძლება ნიშნავდეს, რომ პენსიაზე გასვლისას ქვეყნის ყველაზე დაბალშემოსავლიანმა მოსახლეობამ (სოციალურად დაუცველებმა) ვერ მიიღონ სათანადო პენსია, მაშინ, როდესაც უფრო მაღალშემოსავლიანებს გაცილებით დიდი მოცულობის საბიუჯეტო თანხა გადაუნაწილდებათ. მოსარჩელეთა აზრით, ერთი შეხედვით თანაბარი მოპყრობით, სახელმწიფო მოქალაქეთა ქონებრივი ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს. სარჩელის დეტალების გაცნობამდე ვნახოთ რას ცვლის საპენსიო რეფორმა: 
 

რა იცვლება საპენსიო რეფორმით


მთავრობის მოსაზრებით, დღეს მოქმედი საპენსიო სისტემა მომავალში მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, რაც ხანდაზმული მოქალაქეების სოციალურ უზრუნველყოფაში მდგომარეობს, სათანადოდ ვეღარ შეასრულებს. ამასთანავე, მთავრობა არსებულ სისტემასთან დაკავშირებულ ფისკალურ რისკებზე მიანიშნებს. ამიტომაც, პარლამენტმა დაამტკიცა ახალი ტიპის, ნახევრად სავალდებულო საპენსიო მოდელი. რეფორმა მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ტვირთის ბიუჯეტიდან მოქალაქეებზე გატანას ისახავს მიზნად. ეს მთავრობის ერთადერთი მიზანი არაა, სახელმწიფო იმედოვნებს, რომ მოქალაქეთა მიერ იძულებით დაზოგილ თანხას კაპიტალის ბაზრის აღმშენებლობას მოახმარს. 

მოქალაქეებს, რომელთა ასაკიც 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით 40 წელზე ნაკლები იყო, საპენსიო ასაკის მიღწევამდე მოუწევთ კონტრიბუციების განხორციელება. მათთან ერთად დაზოგვა ამ ადამიანების დამსაქმებლებისთვისაც იქნება სავალდებულო. 

საპენსიო სქემა ეხება თანაბრად დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. თითოეულის თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით: 

დასაქმებულის ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასის 2% ავტომატურად ირიცხება სააგენტოში; 
დამსაქმებელი საკუთარი სახსრებით, ფონდში რიცხავს დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ტოლფას თანხას; 
სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტიდან პირის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ტოლფას თანხას 

მივიღეთ ფორმულა 2+2+2, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვიურად მოქალაქის მთლიანი ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში მიიმართება. 

სახელმწიფო ხაზინა საპენსიო სქემის მონაწილეს ბიუჯეტიდან 2%-ს ურიცხავს იქამდე, სანამ მთლიანი დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა არ მიაღწევს 24,000 ლარს. ამის შემდეგ, ხაზინა დასაქმებულს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ურიცხავს დარიცხული შემოსავლის ოდენობის 1%-ს მანამ, სანამ დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა გადააჭარბებს 60,000 ლარს წლიურად, რის შემდეგაც სახელმწიფო ხაზინა დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შენატანებს აღარ განახორციელებს. 

რეფორმა საკმაოდ გრძელვადიან პერიოდს - ზოგიერთ შემთხვევაში 40 წელს და მეტსაც ეხება, რაც აქამდე განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს შორის პრაქტიკულად ყველაზე ხანგრძლივია. მოქმედ თუ მომავალ მთავრობებს მუდმივად მოუწევთ დაამტკიცონ, აქვთ თუ არა მათ სათანადო სანდოობა, რომ მოსახლეობის მიერ იძულებით დაზოგილი მილიარდობით ლარი უდანაკარგოდ და ეფექტურად განკარგონ. 

დამსაქმებლებისთვის დაზოგვა სავალდებულო იქნება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, მთავრობას უფლება ექნება დააჯარიმოს ყველა იურიდიული პირი, ვინც დასაქმებულის სავალდებულო საპენსიო კონტრიბუციის გადახდაზე უარს იტყვის. სანქცია პირველ ჯერზე 500 ლარი, განმეორების შემთხვევაში კი, 1000 ლარი იქნება. 

საპენსიო რეფორმა ქვეყანაში სამუშაო ძალის 2%-4%-ით გაძვირებას იწვევს. დასაქმებულისგან განსხვავებით დამსაქმებლებს არჩევანი არ აქვთ, თუ მათი დასაქმებული სქემაში მონაწილეობას დათანხმდა, მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება და ისიც ავტომატურად ერთვება სისტემაში. ეს კი საქართველოს კერძო სექტორისთვის პრაქტიკულად ახალი გადასახადის დაწესების ტოლფასია. 

ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე არსებული მონაწილეთა თანხები, ამონაგების მიღების მიზნით, ინვესტირდება ფინანსურ ინსტრუმენტებში. დაგროვებითი საპენსიო სქემის ამოქმედებიდან პირველი 5 წლის განმავლობაში, მონაწილეთა თანხები განთავსდება მხოლოდ დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში, ხოლო 5 წლის შემდეგ, მონაწილეებს მიეცემათ საშუალება აირჩიონ დაბალრისკიანი, საშუალორისკიანი ან მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი. 

წინასწარ უცნობია თუ რა იქნება საშუალოდ ის საპროცენტო სარგებელი, რომელსაც აღნიშნული სისტემა მოქალაქეთა დაზოგილ თანხას დაარიცხავს. სახელმწიფო არ იქნება გარანტორი, რომ თქვენ მიერ დაზოგილ თანხას დანაკარგის გარეშე დაიბრუნებთ. აღნიშნულს სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულების სახე არ ექნება. შესაბამისად, სისტემაში აკუმულირებული რესურსები არ იქნება იმუნური საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისგან, იქნება ეს საბაზრო კრახები, მაღალი ინფლაცია თუ ეკონომიკური კრიზისები. 

კანონი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მიერ საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ დროებით მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ დადგა საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებებით. 

დაგროვებითი პენსიის მიღების უფლება მოქალაქეებს მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ექნებათ. შესაბამისად, ქალები მას 60 წლიდან, მამაკაცები კი 65 წლიდან მიიღებენ. თანხის გატანა პირადი განცხადების საფუძველზე მოხდება. თანხას მოქალაქეები საბაზისო პენსიასთან ერთად მიიღებენ. 
 

რატომ არის ეს სისტემა არაკონსტიტუციური? საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის შეფასება:
 

საკონსტიტუციო სარჩელი “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონის ცალკეულ მუხლებს ეხება, რომლებიც მოქალაქეებსა და დამსაქმებლებს საპენსიო კონტრიბუციების განხორციელებას ავალდებულებენ. 

რატომ არის დაგროვება სავალდებულო? - სახელმწიფოს მიერ აღნიშნული რეფორმის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაში მითითებულია, რომ თუ არ იქნება სავალდებულოობის კომპონენტი, რისკი იმისა, რომ მოქალაქეებმა საკუთარი გადაწყვეტილებით უარი თქვან სისტემაში ჩართვაზე მაღალია. 

სავალდებულოობის ელემენტის შემოღებით სახელმწიფო აზღვევს რისკს რომ ნებაყოფლობითი წევრობის პირობებში საპენსიო ფონდში დასაქმებულთა დიდი ნაწილი არ ჩაერთვება, რის გამოც შესაძლოა ვერ განხორციელდეს საპენსიო რეფორმის ლეგიტიმური მიზნები. თუმცა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ მოსახლეობის სკეპტიკური დამოკიდებულება უგულვებელყო და მათი საკუთრების იძულების წესით განკარგვის გადაწყვეტილება მიიღო. 

“მოცემულ შემთხვევაში დანაზოგის შექმნის ლეგიტიმური მიზნით სახელმწიფო ზღუდავს კონკრეტული პირის საკუთრების უფლებას, მხოლოდ მისივე კეთილდღეობის მომავალში უზრუნველყოფისთვის. შეზღუდვა არ მომდინარეობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან და მას არ აქვს ზოგადად საჯარო სიკეთის ფორმირების ფუნქცია. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მიდგომა საფუძველს აცლის ეთიკური ავტონომიის პრინციპს, ვინაიდან სახელმწიფო ადამიანების ნაცვლად წყვეტს რა არის მათთვის უკეთესი. 

ამიტომ, დანაზოგის შექმნისა და ჩანაცვლების კოეფიციენტის ზრდის მიზანი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს, ვინაიდან 19-ე მუხლის მეორე პუნქტი გამორიცხავს ამ მიზნით საკუთრების უფლების შეზღუდვას,”- წერია სარჩელში. 

საქართველოს კონსტიტუციაში საკუთრების უფლების შესახებ წერია: 

მუხლი 19. საკუთრების უფლება 

1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 

2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. 

3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. 

შესაბამისად, კანონი ადგენს შესაძლებელობას, რომ საკუთრების უფლება შეიზღუდოს. თუმცა ეს შეზღუდვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. საკუთრების ჩამორთმევა კი მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების დროს, გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში უნდა ხდებოდეს, თანაც მას სამართლიანი კომპენსაციაც უნდა ახლდეს.

“დამსაქმებელი საკუთრებას (თანხას) იხდის დასაქმებულის სასარგებლოდ, ისე, რომ ის კარგავს მთლიანად უფლებას ამ საკუთრებაზე, მას აღარ აქვს ამ თანხის უკან მოთხოვნის უფლება, ამასთან დამსაქმებელი არ იღებს რაიმე სახის დაკმაყოფილებას. მართალია სახეზეა არა კანონმდებლის ინდივიდუალური მიდგომა, არამედ ქონებით სარგებლობის, მისი განკარგვის ზოგადი წესი, რაც პირთა ფართო წრეს მიემართება, თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი უნდა იყოს საკუთრების უფლების შეზღუდვის შინაარსი და არა მისი ფორმა.ქონება ყოველგვარი სარგებლის გარეშე განიკარგება მესამე პირების სასარგებლოდ. 

აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წარმოადგენს საჯარო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ პროპორციულ საშუალებას. 
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის პირველ, მე - 2 და მე-3 პუნქტებს,”- წერია სარჩელში. 

GDI-ის შეფასებით, საპენსიო ფონდში ფინანსური რესურსის აკუმულირება მოქალაქეთა 
ნებაყოფლობითი წევრობის პირობებშიც არის შესაძლებელი. ხოლო კაპიტალის ბაზრის განვითარება მოქალაქეთა საკუთრების უფლების შეზღუდვის ნაცვლად, სხვა გზებით, მათ შორის მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებითა და ეფექტური იურიდიული ჩარჩოს შექმნითაც არის შესაძლებელი. 
 

სავალდებულო საპენსიო შენატანი, როგორც გადასახადი
 

GDI-ის სარჩელში ხაზგასმულია, რომ OECD-ის პრაქტიკის მიხედვით, თუ სოციალური უზრუნველყოფის ფონდში განხორციელებული შენატანი სავალდებულოა, მაშინ ის განიხილება გადასახადად. მაგალითად, დანიაში ჯანმრთელობის დაზღვევის გადასახადი შემოსავლის გარკვეულ ოდენობამდე სავალდებულოა, ხოლო გარკვეული ოდენობის შემდგომ – ნებაყოფლობითი. ის გადასახდელი, რაც სავალდებულო წესით გადაიხდება, განიხილება გადასახადად, განსხვავებით ნებაყოფლობითი გადასახდელისაგან. დიდი ბრიტანეთის საპენსიო შენატანი სახელმწიფოს საპენსიო სქემის მიხედვით, მისი სავალდებულო ხასიათიდან გამომდინარე, განიხილება გადასახადად, ხოლო კერძო სქემის მიხედვით, რომელიც ნებაყოფლობითია, არ კვალიფიცირდება გადასახადად. 
შესაბამისად, თუ თქვენ ნებაყოფლობითობის პრინციპზე დაფუძნებით იხდით საპენსიო შენატანს, ამ დროს აღნიშნული კონტრიბუცია არ იქნება გადასახადი, ხოლო როდესაც მის გადახდას სახელმწიფო გავალდებულებთ, ის გადასახადია. 

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ “Obamacare”-ის საქმეში National Federation of Independent Business v. Sebelius აღნიშნა რომ დაზღვევის ყიდვის ვალდებულების დაკისრება პირისთვის გადასახადის დაწესებას წარმოადგენს. მოსამართლე რობერტსის აზრით კანონის მოთხოვნა რომ ჯანდაცვის პაკეტის არ შეძენის შემთხვევაში ინდივიდებმა გადაიხადონ ფინანსური ჯარიმა, წარმოადგენდა გადასახადს. სასამართლომ აღნიშნა რომ განსახილველი გადასახადის სპეციფიკურობიდან გამომდინარე იგი არ წარმოადგენდა პირდაპირ გადასახადს. 

“ფაქტია, რომ სახელმწიფო, ფონდში აკუმულირებულ თანხას იყენებს საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით. შესაბამისად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსებული კონცეფცია დამსაქმებლებისთვის საგადასახადო ტვირთის ზრდის ტოლფასია, რაც რეფერენდუმის გარეშე დაუშვებელია. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია საპენსიო ფონდში შენატანებს არ მიიჩნევს გადასახადად, რაც კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებაშიცაა ასახული , თუმცა მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის ლოგიკა, საპენსიო შენატანად უნდა განიხილავდეს მხოლოდ თავად მონაწილის მიერ მისი ხელფასის 2%-იან შენატანს და ეს ლოგიკა არ შეიძლება გავრცელდეს სხვა პირთა იძულებაზე მონაწილის სასარგებლოდ განახორციელონ შენატანი საპენსიო ფონდში. დამსაქმებლის შენატანი მისივე საკუთრებიდან დასაქმებულის სასარგებლოდ არის საგადასახადო ტვირთი და არა საპენსიო შენატანი. 
 

დისკრიმინაციის საკითხი:


GDI მიუთითებს, რომ “დაგროვებითი პენსიის შესახებ” კანონი ქონებრივი მდგომარეობის მოქალაქეთა დისკრიმინაციას ახდენს. 

საუბარია ნორმაზე, რომლითაც სახელმწიფო, ბიუჯეტიდან საპენსიო სისტემაში მონაწილე პირების დასაბეგრი ხელფასის 2% და 1%-ს მათ ინდივიდუალურ ანგარიშებზე რიცხავს. სადავო ნორმა სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან განხორციელებულ კონტრიბუციას უკავშირებს საპენსიო ფონდში მონაწილე პირის ყოველთვიურ შემოსავალს და არ ითვალისწინებს მის ქონებრივ მდგომარეობას და საჭიროებებს პენსიაზე გასვლის მომენტში. 

ეს ნიშნავს, რომ მაღალშემოსავლიანმა ადამიანმა, პენსიაზე გასვლის მომენტისთვის შეიძლება სახელმწიფოსგან მიიღოს 100-ჯერ უფრო მეტი კონტრიბუცია, ვიდრე სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ, რომელიც დაბალანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს. 

“კანონმდებელმა არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანაბარი სამართლებრივი რეჟიმი დაამკვიდრა. სახელმწიფო საკუთარ შენატანს ნეიტრალური შინაარსის სადავო ნორმით განსაზღვრავს, რომელიც დაკავშირებულია პირის წლიურ შემოსავალთან, თუმცა შედეგის თვალსაზრისით სხვადასხვა ქონებრივი მდგომარეობის დამსაქმებელზე განსხვავებული ეფექტი აქვს. 

მოცემულ შემთხვევაში, არსებითად უთანასწორ პირთა დისკრიმინაცია ხდება მათი ქონებრივი მდგომარეობის ნიშნით, სახელმწიფო საპენსიო სისტემაში მონაწილე სხვადასხვა ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირთა მიმართ საბიუჯეტო სახსრებს ანაწილებს დისკრიმინაციულად, პენსიაზე გასვლის მომენტისთვის ნაკლები ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირის მიმართ ახორციელებს ნაკლებ კონტრიბუციას, ხოლო შედარებით მაღალი ქონებრივი მდგომარეობის მქონე პირებს უხდის უფრო მეტს, ან იგივეობრივი რაოდენობის თანხას. 

ნორმის დისკრიმინაციულობას განაპირობებს სახელმწიფოს მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებული მეთოდოლოგია, რომელიც აპრიორი უფლების დარღვევის რისკებს შეიცავს. აღნიშნული მეთოდოლოგიის მიხედვით საპენსიო ფონდში სახელმწიფოს კონტრიბუცია დაკავშირებულია პირის წლიურ შემოსავალთან, ხოლო კონტრიბუციის ოდენობა იმატებს მონაწილის შემოსავალის მატებასთან ერთად. ამ ურთიერთობაში სახელმწიფო არ ითვალისწინებს პირის ქონებრივ მდგომარეობასა თუ სოციალურ სტატუსს, რის საფუძველზეც არსებობის მიჯნაზე მყოფი ადამიანებისთვის, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული კონტრიბუციის წილი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მაღალი წლიური შემოსავლის მქონე პირებისთვის. აღნიშნული მეთოდოლოგიის საფუძველზე არსებობს უფრო მაღალი რისკი იმისა, რომ პირი, რომელიც პენსიაზე გასვლის მომენტისთვის არ საჭიროებს დახმარებას, მიიღებს უფრო დიდ კონტრიბუცია (სახელმწიფო ბიუჯეტის წილს მის პენსიაში), ვიდრე პირები, რომლებიც დახმარების საჭიროების მქონენი არიან. მნიშნელოვანია სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსს განკარგავდეს მიზნობრივად, კონკრეტულ ინდივიდთა საჭიროებისამებრ. დემოკრატიულ საზოგადოებებში სახელმწიფოს აღნიშნული ფუნქცია განაპირობებს საზოგადოების სოციალურ მდგრადობას. აღნიშნულის გათვალისწინებით სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს,”- წერია სარჩელში. 
 

ამ შემთხვევაში რა უფლებები აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს?
 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვალდებულებაა შეამოწმოს პოლიტიკური ხელისუფლების გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობა და კანონიერება. ეს არ ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავად წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს, ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ამოწმებს და ადგენს კონსტიტუციისა და კანონის დარღვევის ფაქტს, რის საფუძველზეც შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს ეკისრება საკითხის კონსტიტუციის შესაბამისად გადაწყვეტის ვალდებულება. სახელმწიფოს ეძლევა გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რათა შეიმუშავოს ახალი მოდელი, რომელიც კონსტიტუციასთან იქნება შესაბამისობაში. 
 

სად მთავრდება სახელმწიფოს უფლება-მოსილება ჩაერიოს მოქალაქეთა ცხოვრებაში?
 

სახელმწიფოს მიერ გამუდმებით ახალ ახალი ფუნქციების შეძენასთან ერთად აუცილებელია, კანონმდებლებს ახსოვდეთ, რომ მათი უფლება-მოვალეობები პირველ რიგში კონსტიტუციით არის განსაზღვრული და შემოფარგლული. სახელმწიფოს არ აქვს შეუზღუდავი უფლება საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით, საზოგადოების ცხოვრების ყოველ ასპექტში შეიჭრას. 2015 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: 

“სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები ვერ იქნება უსაზღვრო. როგორი სერიოზულიც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მოტივაცია და რაოდენ მნიშვნელოვანი სიკეთეების დასაცავად არ უნდა იღებდეს კონკრეტულ რეგულაციას, ის არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, იმოქმედოს მკაცრად კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში და უპირობოდ შეიბოჭოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში არ არსებობს მიზანი, ინტერესი, ადამიანის უფლებების დაცვის უმთავრესი მიზნის ჩათვლით, რომლის საპირწონედ სახელმწიფო აღიჭურვება ლეგიტიმური უფლებით, დაარღვიოს თუნდაც ერთეული პირების თავისუფლების უფლება (ესა თუ ის უფლება). ამიტომ, სწორედ აქ გადის ზღვარი, რომლის გადაბიჯების უფლება სახელმწიფოს არ აქვს.” 

არის თუ არა თქვენი შემოსავლიდან სავალდებულო კონტრიბუციის გადახდა კანონიერი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს.

 

წყარო: http://www.bm.ge/ka/article/ra-weria-sapensio-reformis-shesaxeb-sakonstitucio-sarchelshi/28199

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება