დღეისათვის მსოფლიოში 1.1 მილიარდი მწეველია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, თამბაქოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად მსოფლიოში 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება.
თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველ 6 წამში, საშუალოდ, 1 ადამიანი კვდება.
გლობალურად, მწეველია მამაკაცთა 40% და ქალთა 9%. მე-20 საუკუნეში თამბაქომ 100 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, 21-ე საუკუნეში თამბაქოს მიზეზით 1 მილიარდი ადამიანი გარდაიცვლება.
2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობა-ნაგებობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კაფე-ბარებში... ასევე, სავალდებულო გახდა შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილას თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებული წესების და ამკრძალავი ნიშნის განთავსება.
კანონი თითქმის ათი თვეა მოქმედებს, თუმცა როგორც ჩანს, გარკვეული კანონდარღვევები ჯერ კიდევ ფიქსირდება. შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით 2018 წლის 1-ელი მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამოვლინდა თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევის 271 შემთხვევა. აქედან 216 შემთხვევაში - წესები ფიზიკურმა პირებმა დაარღვიეს, ხოლო 55 - იურიდიულმა პირებმა.
ჯერ კიდევ აქტუალურია საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა. მაგალითად, დეკემბერის თვეში ასეთი 3 ფაქტი დაფიქსირდა საქართველოში.
რაც შეეხება მატარებლით მგზავრობისას სარკინიგზო ტრანსპორტში თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევას, ბოლო თვეების განმავლობაში არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა.
შედარებით მტკივნეულია სიტუაცია დაწესებულებების მიმართულებით, რომელთაც ევალებათ შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე აღკვეთონ თამბაქოს მოხმარების ფაქტები, გამოაკრან ამკრძალავი ნიშანი. დეკემბრის თვეში ჩატარებული ინსპექციის შედეგად სხვადასხვა დაწესებულებაში დარღვევის 19 ფაქტი დაფიქსირდა - დაწესებულებაში იყო საფერფლე, ასევე თამბაქოს ნამწვის კვალი სუნი.
დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ მართალია მცირე დარღვევები ფიქსირდება, თუმცა კანონის აღსრულების საერთო დინამიკა წარმატებულია:
"თამბაქო გულის კორონარული დაავადებების, ინფარქტის და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისა და დიაბეტის მნიშვნელოვან რისკფაქტორს წარმოადგენს. ამასთან, მსოფლიოში და საქართველოშიც, ნომერი პირველი მკვლელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია. ამ დაავადებებს უკავშირდება მსოფლიოში სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 60 პროცენტი, 85 პროცენტი ევროპაში და 94 პროცენტი საქართველოში.
თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2017 წელს მიიღო და 2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ ერთ-ერთი ყველაზე ქმედითად გადადგმული ნაბიჯია. კანონის აღსრულება, 10 თვის განმავლობაში, ჩემი აზრით, არცთუ ურიგოდ მიმდინარეობს. საზოგადოება საბედნიეროდ, ძალიან სწორად მოეკიდა, სწორად გაიაზრა ყველაფერი. ერთეული დარღვევები შესაძლებელია არის, თუმცა მიმდინარეობა ცალსახად წარმატებულია” - განმარტავს დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებირვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ხოლო გასული წლის 26 ივლისს ამ კანონის ახალი რედაქცია დაამტკიცა. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა.
წყარო: ambebi.ge
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება