3935
2017.03.10
"კუზიანი ებრაელის" განაჩენი
მე-19 და მე-20 საუკუნეების გასაყარი. ტფილისი. სასამართლო დარბაზი სავსეა. განსასჯელთა სკამზე „სტატსკი სოვეტნიკის“ მკვლელობაში ბრალდებული კუზიანი ებრაელი ზის, რომელმაც ვეღარ გაუძლო გაუთავებელ დამცირებასა და დაცინვას გარეგნობის გამო და „სოვეტნიკი“ დანით გამოასალმა სიცოცხლეს. სასამართლოს ბრალდებულის სიკვდილით დასჯა სურს. ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე,დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელია, მისი მსხვერპლი კი ელიტური მდგომარეობის ჩინოსანი. ამას ემატება იმ პერიოდში გამეფებული საყოველთაო რუსული ანტისემიტიზმი. გამოსავალი არსად ჩანს. ებრაელსა და სასიკვდილო განაჩენს შორის მხოლოდ ახალგაზრდა, უფასო ვექილი დგას,რომელიც პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამს. „პატივცემულობატონო მოსამართლე და ნაფიცო მსაჯულებო“ - იწყებს საკუთარ სიტყვას ვექილი და ამ მიმართვას ზედიზედ თერთმეტჯერ იმეორებს. გაბრაზებული მოსამართლე მას გასაჩუმებლად თუჯის ზარს ესვრის. ვექილი დარბაზის დამშვიდებას ელოდება და თავის შემაჯამებელ სიტყვას წარმოთქვამს: „ბატონებო, მე მოგმართეთ პატივისცემისა და თქვენი შესაფერისი წოდების შესაბამისად. ჩემი მიზანი არ ყოფილა თქვენი ან მოსამართლის შეურაცხყოფა. თქვენ ხუთი წუთიც კი ვერ მოითმინეთ ჩემი მიმართვა, რომელიც არათუ ლახავდა, არამედ ხაზს უსვამდა თქვენს ღრმად პატივცემულობას. ახლა კი წარმოიდგინეთ იმ ადამიანის მდგომარეობა, ვისაც ფიზიკური ნაკლის გამო ამცირებდნენ. მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ მათი ფიზიკური ჯანმრთელობის გამო ისინი აფექტურები არიან, რას შესაძლებელია ფსიქიკურ აშლილობაში გადაიზარდოს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კუზიანი“ ნაფიცმა მსაჯულებმა 20 საათიანი კამათის შემდეგ სასიკვდილოდ განწირული ბრალდებული გაამართლეს. ამ რთული საქმის შემდეგ კი ყველას პირზე ეკერა ახალგაზრდა ადვოკატის სახელი. ამ ნახევრად ლეგენდარული ისტორიის მთავარი გმირი მეოცე საუკუნის ყველაზე გამორჩეული ქართველი იურისტი ლუარსაბ ანდრონიკაშვილია. ჯერ პეტერბურგში, შემდეგ ჰაიდელბერგისა და სტრასბურგის უნივერსიტეტებში განათლებამიღებული ანდრონიკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა და არაერთი გახმაურებული პროცესი წარმართა. იგი ადვოკატის საქმიანობას საზოგადოებრივ მოღვაწეობად თვლიდა. იცავდა პოლიტიკურ დანაშაულში ბრალდებულ პირებს, ერთპიროვნულად გათავისუფლებულ, რეპრესირებულ დეპუტატებს, არშემდაგარი ანტიცარისტული აჯანყებებისადა დემონსტრაციების ორგანიზატორებს,მემარცხენე გაზეთების თანამშრომლებს... მისი საადვოკატო საქმიანობის გამორჩეული ნაწილია დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა. იგი იყო ადვოკატი ბათუმელი, ბაქოელი, თბილისელი, როსტოველი, რიგელი მუშების სასამართლო პროცესებზე და ხშირად აღწევდა გამარჯვებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია როშტილდისქარხნისმუშათასასამართლოპროცესი, რომლის მიმდინარეობისას ანდრონიკაშვილმა მრავალი მუშა პატიმრობისგან იხსნა.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტს ჩაუყარა საფუძველი. იგი თავად კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა იურიდიულ დისციპლინაში,ქმნიდა სალექციო კურსებს, მონაწილეობდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იურიდიული საკანონმდებლო აქტების მომზადებაში. 1930 წელს საბჭოთა მთავრობამ იგი აშშ-შიც კი წარგზავნა ჰარიმანის კონსეციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საპასუხისმგებლო დავალებით, რომელსაც ანდრონიკაშვილმა თავი წარმატებით გაართვა. ეს მკაცრი, პრინციპული და მუდამ დაკავებული იურისტი უზომოდ იყო გატაცებული ხელოვნებით. უყვარდა ბაირონის, ჰაინეს, ლერმონტოვის, შექსპირის შემოქმედება. კარგად ერკვეოდა მხატვრობაში. მის კომპეტენტურ აზრს ხელოვნების შესახებ ისეთი ადამიანები სცემდნენ პატივს, როგორებიც სანდრო ახმეტელი, ზაქარია ფალიაშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე იყვნენ. ამბობენ რომ, ქართული თეატრის დიდი მაესტრო კოტე მარჯანიშვილი განსაკუთრებულად ღელავდა, როცა მის სპექტაკლს ანდრონიკაშვილი ესწრებოდა. ლუარსაბ ანდრონიკაშვილი 1939 წელს გარდაიცვალა. ქართული სამართლის რაინდად წოდებული იურისტი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.