984
2017.07.07
პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესდება
პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება 2018 წლის განმავლობაში იგეგმება.
როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო იუწყება, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვა დაიწყო, რომელიც საქართველოში პლასტიკის პარკების მოხმარების შემცირებისთვის სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას ისახავს მიზნად.
მათივე შეფასებით, აღნიშნული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა განაპირობა ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების მკვეთრმა ზრდამ, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნა გარემოს.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული გარემოებებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, მომზადდა ,,ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი და გათვალისწინებულია ტექნიკური რეგლამენტის მიღება, რომლითაც დაწესდება შეზღუდვები გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების ბრუნვაზე.
კერძოდ, პირველ ეტაპზე, აიკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები პლასტიკის პარკების იმპორტი/წარმოება და რეალიზაცია, ასევე დადგინდება ტექნიკური მოთხოვნები ბიოდეგრადირებადი პარკის შემადგენლობის მიმართ.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულთან ერთად მომზადდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების პროექტი რომლის მიხედვითაც,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება პლასტიკის ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციისას ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.
„ახალი რეგულაციების მიღების შედეგად ქვეყანაში შემცირდება პლასტიკის პარკების მოხმარება, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება ევროსტანდარტების შესაბამისი ბიოდეგრადირებადი პარკების ბრუნვა, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურებას პლასტიკის ნარჩენებით და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:bpn.ge